„სპეციალიზებული მაუწყებლები“ უცხოური დაფინანსების მიღებას შეძლებენ და მათთვის არსებული შეზღუდვა მოიხსნება. შესაბამისი ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შედის, რომელიც პარლამენტის ბიუროს სხდომას დღეს წარედგინა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ  მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღების შეზღუდვა სპეციალიზებულ მაუწყებლებს მოეხსნებათ, რომლებიც ძირითადად ერთი თემატიკის პროგრამების (სპორტული, შემეცნებითი, საგანმანათლებლო, გასართობი) მაუწყებლობენ. უცხოური დაფინანსების მიღება ისევ აკრძალული იქნება იმ მაუწყებლებისთვის, რომელთა ეთერშია ახალი ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკა.

კანონპროექტით განისაზღვრება, რომ მაუწყებლის მიერ აკრძალული დაფინანსების მიღების შემთხვევაში, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია უფლებამოსილი იქნება, კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად მაუწყებელს დაავალდებულოს მიღებული დაფინანსების სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა.

დგინდება ისიც, რომ კომისიის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში აღსრულებას აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს.

კანონპროექტის მიხედვით, სასამართლო კონტროლის გამოყენებით შესაძლებელი იქნება იმ პირთა გადარიცხვების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, რომლებიც შესაძლოა, არაპირდაპირი გზით აფინანსებდნენ მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიც არღვევდნენ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.