წავიდა წინა მენეჯმენტი და ბრუნდება ეროვნულ ბანკში ჩალიჩისა და ჩაწყობების ტრადიცია. - წერს ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
"მოუხშირა ნათია თურნავამ ტელეინტერვიუებს. ჯერ ერთი წელი იყო დამალული, ახლა ყოველდღე რომელიმე ეთერში გამოჩნდება ხოლმე და ფიქრობს, რომ ამით დაზიანებულ რეპუტაციას აღიდგენს. რაც უფრო მეტს ვუსმენთ, მით უფრო საგანგაშო სიგნალებს ვიგებთ. ახლა გამოაცხადა, ვარბილებთ ბანკების მიმართ მოთხოვნებსო. ისაუბრა ციფრული ბანკის შექმნის იმ განაცხადის შესახებ, რომელიც ერთ-ერთმა ბიზნესმენმა წარადგინა და როგორც ჩანს, აპირებს მისთვის ლიცენზიის მიცემას. არა და ზუსტად ერთი წელი გასულა პირველ ოქტომბერს, რაც ეროვნული ბანკი არ აძლევს თურმე ამ ახალი ბანკის გახსნის უფლებას. ეს არ ხდება რა თქმა უნდა უმიზეზოდ. რისკები რომ არ არსებობდეს, არც ეტყოდნენ უარს, მაშინ, როცა უკვე შეიქმნა ორიოდე თვის წინ მსგავსი ციფრული ბანკი ამ სფეროში მომუშავე ევროკავშირის ქვეყნის კომპანიის თანამონაწილეობით და ნებართვის ასაღებად მათ პრობლემა არ შექმნიათ. იმას, ვისაც არ აძლევენ, თურმე პარტნიორად ჰყავს უკრაინული კრიპტობირჟა. ამ სფეროში ჯერ კანონმდებლობაც კი არა გვაქვს, ამავე დროს ერთმანეთის მიყოლებით კტიპტოგიგანტები კოტრდებიან და ნათია თურნავა თურმე ფიქრობს ასეთი ბანკის შექმნაზე თანხმობის გაცემას, თანაც ისეთ ვითარებაში, როცა ეროვნული ბანკი პარალიზებულია, არ ჰყავს არცერთ ვიცე-პრეზიდენტი, მათ შორის ის პირი, რომელიც ამ სფეროს ანუ საბანკო ზედამხედველობას უნდა კურირებდეს.
წავიდა წინა მენეჯმენტი და ბრუნდება ეროვნულ ბანკში ჩალიჩისა და ჩაწყობების ტრადიცია." - წერს რომან გოცირიძე.