თამაზ გინტურის ტრაგიკული სიკვდილი არის მაგალითი იმ შედეგებისა, რაც თქვენს ქვეყანაში ოკუპაციას მოაქვს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა „ქრონიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.
„მინდა მივუსამძიმრო ყველა ქართველს და განსაკუთრებით გინტურის ოჯახს, მეგობრებს, ნათესავებს. გასულ ათწლეულებში დიდი ყურადღება ექცეოდა რუსეთის აგრესიის შედეგებს. ქართველებმა ეს 2008 წელს თავის თავზე გამოცადეს.
აშშ-ი ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენ რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით თავის ვალდებულებებს ყოველთვის ვახსენებთ და ასევე ვმუშაობთ საქართველოს თავდაცვის ძალებთან, რომ საქართველომ შეძლოს თავისი ტერიტორიის დაცვა და რუსეთის აგრესიის შეკავება. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის ძალებთან“, - აღნიშნა ელჩმა.
თამაზ გინტური 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა, უკანონოდ დაკავების მცდელობისას, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მასთან ერთად მყოფი, მისი თანასოფლელი, ლევან დოთიაშვილი, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს, თუმცა 9 ნოემბერს ქართულ მხარეს გადმოსცეს.