როგორ შეიძლება ბავშვი მიზანმიმართულად იქნეს გამოყენებული ვანდალური აქტის ჩასადენად და ამგვარად, მისი იარაღად გამომყენებელი სრულწლოვანი პირი ცდილობდეს პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. ასეთ შემთხვევებს საზოგადოების მხრიდან აუცილებლად უნდა მიეცეს შეფასება და კვალიფიკაცია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„პარლამენტის შენობის მომდებარედ, ჩვენ ვნახეთ სცენა, როგორ აქეზებდა ზრდასრული მამაკაცი არასრულწლოვან ბავშვს, ესროლა ქვები სამართალდამცველების მისამართით. უმძიმესი სანახავია, როგორ შეიძლება ბავშვი მიზანმიმართულად იქნეს გამოყენებული ვანდალური აქტის ჩასადენად და ამგვარად, მისი იარაღად გამომყენებელი სრულწლოვანი პირი ცდილობდეს პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. ასეთ შემთხვევებს საზოგადოების მხრიდან აუცილებლად უნდა მიეცეს შეფასება და კვალიფიკაცია. 
სახეზეა ბავშვის ექსპლუატაციის შემთხვევა. მისი ეკიპირება და “აღჭურვა“ გვაფიქრებინებს, რომ წინასწარ მომზადებულ, ორგანიზებულ ქმედებასთან გვაქვს საქმე. არამცთუ უგულვებელყოფილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი, არამედ ძალადობის ჩასადენად მის გამოყენებას შეიძლება ბავშვის განვითარებაზე უმძიმესი შედეგები მოჰყვეს. 
აქციის მონაწილეებს მოვუწოდებ, დარჩნენ კანონმდებლობით გათვალიწინებულ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, მეტად გაიაზრონ თავიანთი პასუხისმგებლობები და ის შედეგები, რაც შესაძლებელია მათ მიერ ბავშვების ინსტრუმენტალიზებას მოჰყვეს“, - წერს რატი იონათამიშვილი.