პრევენციისთვის ყველაზე ეფექტური საშუალება არის ნებისმიერი ძალადობის სწორი, ობიექტური შეფასება. ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი და აქ განსხვავებული აზრი შეუძლებელია თითოეულ ჩვენგანს ჰქონდეს. სამწუხაროდ არაერთხელ ვნახეთ ზუსტად სუბიექტური და განსხვავებული აზრები, ხშირ შემთხვევაში დუმილიც, რომელიც პირდაპირ არის ძალადობის წახალისება, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

„აქ არის მთავარი კითხვა, რომელსაც ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ: ვინ არის ძალადობის ინიციატორი? ჩვენ ვხედავთ რომ სისტემური ძალადობა სახეზეა და ამას პირდაპირ ახალისებენ რადიკალები. თუ ვინმეს ჰგონია, რომ პიროტექნიკის, ქვების სროლა, „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენება ეს არ არის ძალადობის უკიდურესად შემაშფოთებელი ფაქტები, ეს ნიშნავს იმას,რომ ვინც ამაზე დუმს, ის პირდაპირ დაინტერესებულია იამზე, რომ ძალადობა ხდებოდეს და ძალადობის პროვოცირებასა და ინიციატორობას შეუწყოს ხელი. თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ძვირფასია ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე, მისი ჯანმრთელობა და ნებისმიერი ძალადობის ფაქტი საჭიროებს შესაბამის რეაგირებას. როდესაც ადამიანი არის სამართალდამცველი, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და მოთმინება მართებს. ამ მხრივ ჩვენ ძალიან ბევრი ისეთი ფაქტი ვნახეთ, რადგან კოლოსალური იყო ის ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა რაც სამართალდამცველების მიმართ ხორციელდება. მადლობა უნდა ვუთხრათ სამართალდამცველებს მოთმინებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოთმინება არის თითოეული მათგანის ვალდებულება“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.