მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ პატიმარი სააკაშვილი სტრუქტურული ცვლილებებით პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას უშედეგოდ ცდილობს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის თქმით, სინამდვილეში, "ნაციონალური მოძრაობა" არასოდეს ყოფილა პოლიტიკური პარტია და "ყოველთვის აგენტების კანტორა იყო".
"იმდენად კარიკატურები არიან და იმდენად სასაცილო განცხადებებით გამოდიან, რომ მართლა ძალიან უხერხულია და არასერიოზულია ამ ადამიანებზე რაიმე კომენტარის გაკეთება. რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ, მეტი ე.წ. ინიციატივით გამოვლენ, მით უფრო მეტად გააგებინებენ საკუთარ უუნარობას. სინამდვილეში, "ნაციონალური მოძრაობა" არასოდეს ყოფილა პოლიტიკური პარტია, ეს იყო აგენტების კანტორა, ეს იყო მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და, რა თქმა უნდა, ეს ფუნქცია მათ დღემდე არ შეუცვლიათ. ყოველთვის ასე მძიმედ და უბადრუკად ამთავრებს საკუთარ საქმიანობას ლუსტრირებული და გამოვლენილი აგენტურული კანტორა.
რაც შეეხება სააკაშვილს, რა თქმა უნდა, ის ამ კანტორის ხელმძღვანელი იყო ყოველთვის, ვინაიდან აგენტების სიაში ყოველთვის იყო დაწინაურებული და ერთგვარი ნაძვის ხის ფუნქცია ყოველთვის ჰქონდა "ნაციონალურ მოძრაობაში" და ამ ფუნქციის დაკარგვა მომავალშიც არ უნდა. არ აქვს მნიშვნელობა, როდესაც აგენტი ხარ, ნაძვის ხე იქნები თუ ნაძვის ხის სათამაშო, შედეგი მაინც ერთია - აგენტებს და უცხო ქვეყნის, უცხო ძალების სამსახურში მყოფ ადამიანებს არანაირი პერსპექტივა საქართველოში არ გააჩნიათ", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისათვის: თინა ბოკუჩავა, ამჯერად, პარტიაში სააკაშვილის მიერ მართვის ახალი მოდელის დანერგვას და თავმჯდომარის პოსტის შესაძლო გაუქმებას აპროტესტებს.
განხეთქილების მიზეზი ე.წ. რეფორმატორთა საბჭოა, რომლის აღმასრულებელი მდივანიც სააკაშვილის ფავორიტი ნანუკა ჟორჟოლიანი ხდება. თავად ჟორჟოლიანი კი ამბობს, რომ პირველი, ვისაც პატიმარმა პრეზიდენტმა საბჭოში ადგილი შესთავაზა, ბოკუჩავა იყო. დროებითი მმართველები ყრილობაზე უნდა დაინიშნონ, რომელიც ივლისის ბოლოს იგეგმება.









