საკონსტიტუციო სასამართლო იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, უმთავრესი მისია სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვაა.

„საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს, რომელიც უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით. შესაბამისად, ნებისმიერი ჩარევა და ზეწოლა სასამართლოზე დაუშვებელი, შემაშფოთებელი და მიუღებელია, რადგან დამოუკიდებელი სასამართლო სახელმწიფო სუვერენიტეტის ერთ-ერთი გარანტია. მათ არაერთხელ ჰქონდათ იმის მცდელობა, რომ მართლმსაჯულების მანიპულაცია მოეხდინათ, რომ შემდეგ ის, როგორც ინსტრუმენტი, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოეყენებინათ, მაგრამ ეს მცდელობა არცერთხელ არ გამოუვიდათ და არც მომავალში გამოუვათ. საკონსტიტუციო სასამართლო იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის. უმთავრესი მისია სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვაა.

შესაბამისად, საპირწონე ვერაფერი იქნება, მით უმეტეს, შანტაჟისა და ზეწოლის მექანიზმები. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის. ასეთ საკითხებში საერთაშორისო ზეწოლა არ ჭრის და ეს ყველამ კარგად იცის. დასკვნები თავად თუ ვერ გამოიტანეს, სწორედ ამიტომაც არის, რომ მათ ქვეყნებში მათი რეიტინგი უკვე ნულთან არის დასული“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო.