IRI-ის კვლევის შედეგებს გავაანალიზებთ და პარტიებს შორის განაწილებულ პროცენტებს კვლევით ალოკაციას გავუკეთებთ,  „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების, სულ მცირე, 70%-იანი მხარდაჭერა აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ IRI – ის მიერ მიღებული 36 % მრავლდება ორზე, რაც მეორე მხარეს არსებული მინიმალური შედეგების და გადაუწყვეტელი, ასევე პასუხზე უარის მთქმელი პროცენტების პროპორციული განაწილების შედეგად მიიღება.

„საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ IRI – ის მიერ გაკეთებული კვლევა ნამდვილად ჯოჯოხეთური მოცემულობაა აგენტურული ოპოზიციისთვის. ეს კვლევა ადასტურებს, რომ დღეს არსებულ ხელისუფლებას აქვს ისტორიული, მისი არსებობის მანძილზე ყველაზე დიდი მხარდაჭერა. თუ IRI – ის მიერ მიღებულ შედეგებს გავუკეთებთ ალოკაციას, გავითვალისწინებთ მეორე მხარეს მიღებულ პროცენტებს, ასევე მეთოდოლოგიურად გავანაწილებთ უარს პასუხზე და გადაუწყვეტელ ამომრჩევლებს – „ქართულ ოცნებას“ მინიმუმ 70% – იანი მხარდაჭერა აქვს. IRI – ის კვლევის შედეგების გაგრძელებაა დღეს გამოქვეყნებული ევროკომისიის კვლევაც, რომელიც ერთი-ერთში იმეორებს შედეგებს. როდესაც ჩვენი ქვეყანა საზოგადოების მხრიდან მთავრობის მიმართ ნდობის რეიტინგში ევროპაში მეხუთე ადგილზეა, ეს ადასტურებს მინიმუმ 70% – იანი მხარდაჭერის უტყუარობას“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში მომხმარებლებმა გაავრცელეს სლაიდი, რომელზეც ასახულია IRI-ის კვლევის შედეგები. გავრცელებული სლაიდის მიხედვით, პარტიულ რეიტინგებში „ქართულ ოცნებას“ 36 პროცენტი აქვს; „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%. 2-2% აქვთ: იაგო ხვიჩიას პარტია „გირჩს“, ლეიბორისტულ პარტიას, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და პარტია „ახალს“. 1-1 % აქვთ: ანა დოლიძის პარტიას „ხალხისთვის“ და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „ხალხის ძალას“. რეიტინგებში მოცემული არ არის „ლელო“ და „ფედერალისტები“.