პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის მსგავსი მოდელი, რაც საქართველოში იქნება, ისეთ ქვეყნებშია დანერგილი, სადაც არის ძლიერი დემოკრატია და დიდი დიასპორა.

"მსგავსი მოდელი ისეთ ქვეყნებშია დანერგილი, სადაც არის ძლიერი დემოკრატია და დიდი დიასპორა. ასეთი ქვეყნებია ირლანდია და ისრაელი. ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლური დეზინფორმაციული კამპანია როცა წარმოებს, კიდევ ერთხელ ვხვდებით, რომ ამ ადამიანებს დემოკრატიული პროცესების ინტერესი კი არ აქვთ, პირიქით, უნდათ, რომ დეზინფორმაციით, ფალსიფიკაციით გარკვეული წარმატება მოიპოვონ. რადიკალური ოპოზიცია ყველა ფლანგზე ხელმოცარულია და ასე დარჩება, რადგან ისინი ქართულ დემოკრატიას ებრძვიან“, – განუცხადა რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს.

ცნობისთვის, არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ერთადერთი პირობა იქნება ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ხმის მიცემა.

„ზემოქმედების განსაკუთრებული რისკები არსებობს არარეზიდენტი მოქალაქეების მიმართ, ანუ უცხო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უცხო იურისდიქციის და პოლიტიკური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან, სადაც სახელმწიფო ვერ ახორციელებს ჩარევის პრევენციას. ამასთან, არარეზიდენტი მოქალაქეების შემთხვევაში მაღალია საინფორმაციო მანიპულირების საშუალებები. საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის წესის დამკვიდრება ზრდის არჩევნების მედეგობას, ამცირებს გარე მოთამაშეების გავლენას და უზრუნველყოფს უფრო ადეკვატურ, ინფორმირებულ არჩევანს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.