პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიციურმა სპექტრმა თავის ტყუილებითა და უპასუხისმგებლობით დაღალა ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

იონათამიშვილის თქმით, მათ ისევ 2020 წლის სცენარის განმეორება უნდათ, როდესაც თავიდან აცხადებდნენ, რომ პარლამენტში არ შედიოდნენ, შემდეგ ეს ნათქვამი გადათქვეს და სარგებლობდნენ იმ პრივილეგიით,რომელიც დეპუტატს აქვს, ხოლო საპარლამენტო საქმიანობით თავს არ იწუხებდნენ.

მისი თქმით, გასაკვირი არ არის, რომ ოპოზიციის მხარდაჭერა მცირდება და ეს პროცესი შეუქცევადია.

“აგენტურული ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს არა მხოლოდ საგამოძიებო უწყებებს, არამედ ქართულ საზოგადოებას და ქართველ ამომრჩეველს, ეს არ არის ახალი. სინამდვილეში, სურათი რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ არის ის, რომ აგენტურულ ოპოზიციას დღეს აქვს პოლიტიკური ისტერია, ეს პოლიტიკური ისტერია იმით არის განპირობებული, რომ ქვეყნის შიგნით მათი არავის სჯერა, ამას ხედავენ. მეორე, როგორც ჩანს, ძალიან დაღალეს ქვეყნის გარეთაც [ხალხი] და რაც დრო გადის ქვეყნის გარეთაც არავის სჯერა მათი, უინტერესო ადამიანები ხდებიან. ბატონი მეთიუ მილერის ბოლო განცხადებაც ზუსტად ამის მიზანი იყო, როდესაც სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა, რომ თუ კი რაიმე მტკიცებულება ჰქონდა, უპრიანი იქნებოდა ეთანამშრომლა, მათ შორის, ადგილობრივ გამოძიებასთან და წარედგინა ფაქტები თუ კი მას ასეთი რამ გააჩნდა. აქაც ჩანს როგორ დაღალეს ამ ადამიანებმა, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ამდენი დეზინფორმაციით, უპასუხისმგებლობით, სავალალო დამოკიდებულებით თითოეული აქტორი.

ჩვენთვის ეს ახალი არ არის, 2020 წელს ოპოზიციამ საკუთარი მცირერიცხოვანი ამომრჩეველი გადააგდო, როდესაც არ შევიდა პარლამენტში. მერე როდესაც პარლამენტში შემოვიდა საპარლამენტო საქმიანობით არ დაკავდა, თუმცა მთელი ამ ხნის განმავლობაში, ხელფასს იღებდა ყველა, როგორც პენსიას, დადიოდნენ სახელმწიფო მანქანით, ანუ ყველა ის პრივილეგია გაიფორმეს, რაც კი ბუნებაში არსებობდა.

ახლაც იგივე გზაზე მიდიან,ახლაც უნდათ, რომ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით კომფორტზე არ თქვან უარი, მაგრამ უარი თქვან სხვა ყველაფერზე. აქედან გამომდინარე, არავის არ უნდა გაუკვირდეს, რომ 2024 წელს მათი მხარდაჭერა მკვეთრად შემცირებული არის ჩვენს საზოგადოებაში და ეს პროცესი შეუქცევადია“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.