„რაც უნდა დიდი დრო გავიდეს, ისტორიული სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს ისტორიულ უსამართლობაზე“, – ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კითხვას – აქვს თუ არა მოლოდინი, რომ რუსეთის ფედერაცია აღასრულებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას 2008 წლის ომის საქმეზე.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, აღსრულების პროცესი მარტივი არ იქნება, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აღარ არის ევროპის საბჭოს წევრი, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მან სრულად უნდა აანაზღაუროს საქართველოს მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი:
„გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. რუსეთის ფედერაციამ ეს დარღვევები ჩაიდინა მაშინ, როდესაც ის იყო ჯერ კიდევ ევროსაბჭოს წევრი. შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მას აქვს ვალდებულება, სრულად აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიაყენა საქართველოს მოქალაქეებს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ადრე თუ გვიან ეს ზიანი რუსეთის ფედერაციის მხრიდან სრულად ანაზღაურდება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.