საქართველოს პროკურატურამ თბილისში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აპრილს თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მდებარე ბრალდებულის საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დაზარალებულს, დანით სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. აღნიშნული ფაქტის შესახებ ცნობილი იყო მეორე ბრალდებულისათვის, რომელმაც მომხდარი დანაშაული არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირები 23 აპრილს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მეორე პირს ბრალდება 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.