არ შეიძლება, არ გამოვხატო მწუხარება იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია საკუთარი თავი, გამოეყო დემოკრატიულ თანამეგობრობას და რაღაც მიზეზებით ცდილობს, გაამართლოს ყველასთვის გაუგებარი, ვითომ ნეიტრალური და დაბალანსებული პოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს პოზიცია გაუგებარია იმ ქვეყნისგან, რომელმაც არაერთხელ გაიარა იგივე განსაცდელი, რომელმაც კარგად იცის, რას ნიშნავს მტრის მიერ სუვერენობის შელახვა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აღმართული მახვილი, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის ოკუპაციის სიმწარე.
„საბედნიეროდ, საქართველოს საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია, ყველა ფორმა და საშუალება გამოიყენა, რათა საუკუნოვანი მეგობარი ქვეყნისთვის სრული სოლიდარობა დაემტკიცებინა. თბილისის ქუჩებმა არაერთხელ გვაჩვენეს, სად დგას ქართველი ხალხი. გუშინ ჩვენთან ლევან სონღულაშვილმა უკრაინის ტრაგედიისთვის მიძღვნილი ნახატის დასათვალიერებლად მოიწვია ახალგაზრდები. დღეს ჩვენთან ერთად დიპლომატიური კორპუსი ეზიარება სიმბოლიკას ჩვენი ორი სახელმწიფოს ერთობისა და სიახლოვისა, რაც ამ დროშებით გამოიხატება. საღამოს ახალგაზრდა მწერლები და მუსიკოსები ამ ტრაგედიის მიმართ საკუთარ ხედვას და განწყობას გაგვიზიარებენ. თბილისი კი, თავის მხრივ, მსოფლიოს გაახსენებს, რომ საქართველო დგას, სადაც საუკუნეების მანძილზე იდგა და რაღაც საკუთარი ინტერესების ძახილმა არ დაგვავიწყებინა მთავარი, საკუთარი იდენტობა და საკუთარი ღირსება. ამ საზოგადოების სახელით, პირადად მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, ამ ერთი წლის მანძილზე ყველა შესაძლო ადგილას და ფორმატში გამოვხატე უკრაინის მიმართ საქართველოს უდრეკი მხარდაჭერა და ასეც გავაგრძელებ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.