„ჩვენ ძლიერი საზოგადოება ვართ. სამწუხაროდ, მძიმე გამოცდილება გავიარეთ და მივიღეთ აგვისტოს ომის ტრაგედია, თუმცა დღეს საქართველო გაძლიერებულია. დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც არაფრის დიდებით არ დაუშვებს საქართველოში მსგავსი დღეების განმეორებას“, - საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით მედიასთან საუბრისას ომის შედეგები და იმ პერიოდში ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები შეაფასა.

პრეზიდენტის განცხადებით, ასეულობით ადამიანის სიცოცხლე, დაკარგული სოფლები, ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და კოდორის ხეობის დაკარგვა ის ტრაგიკული მოვლენებია, რომელთა წინაშეც მაშინდელ ხელისუფლებას სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა არ გამოუჩენია.

მიხეილ ყაველაშვილმა გაიხსენა ომში დაღუპული ქართველი სამხედროების გადმოსვენებაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ფასდაუდებელი წვლილი და ხაზი გაუსვა იმ კონტრასტს, რომელიც ომის შემდგომ პერიოდში საზოგადოების გლოვასა და მაშინდელი ხელისუფლების საზეიმო მოქმედებებს შორის არსებობდა.

პრეზიდენტის შეფასებით, წინააღმდეგობრივი იყო ომის შემდეგ წინა ხელისუფლების მიერ რუსეთის მიმართ გატარებული პოლიტიკაც. მისი თქმით, აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში გადაიდგა ნაბიჯები რუსეთთან ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთობების გასაფართოებლად, მოგვიანებით კი რუსეთისადმი ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა.

„როცა აწამებდნენ ანწუხელიძეს და ჩვენი გმირები ქუჩაში ეყარნენ, ამაზე ხმა არ ამოუღიათ. დღეს, როცა უკრაინაში შეიჭრა რუსეთი, მაშინ გახდა თურმე რუსეთი ოკუპანტი და მაშინ გაგვახსენდა ანწუხელიძე? ამას ქართველი საზოგადოება არ მიიღებს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, აგვისტოს ომი ქვეყნისთვის უმძიმესი ისტორიული გამოცდილებაა, რომლის სიღრმისეული გააზრებაც სახელმწიფოს დღევანდელი პოლიტიკისთვის პრინციპულ მნიშვნელობას ატარებს.