დღეს ყველამ მოვისმინეთ მორიგი რუსული პროვოკაციული განცხადება, რას ემსახურება ეს პროვოკაცია შესაძლებელი არის, ერთ მხრივ, ეს იყოს გადაფარვა თავიანთი მარცხის, კრახის ბახმუტში, მაგრამ ის, რაც ხდება და სადაც ვერ ახერხებენ თავიანთი ძალის გამოჩენას, შესაძლოა, ეს იყო პასუხი, გუშინ ევროკავშირის მიერ გამოცხადებული სანქციების მე-11 პაკეტის მიმართ. - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. 

"ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენთვის რაც მთავარია, ეს არის პირდაპირი პროვოკაცია საზოგადოების გამოწვევისთვის და ჩვენს ხელისუფლებას აყენებს დიდი გამოწვევის წინაშე. ეს უთუოდ გამოიწვევს ერთგვარ დაძაბულობას პარტიებს შორის, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოებაში ეს დაძაბულობას არ გამოიწვევს, გამოიწვევს რეაქციას საზოგადოებისგან, რომელსაც კარგად ესმის, რომ როცა რუსეთი ამ ნაბიჯების დგამს, დგამს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხარო არის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ ვერ გაიგო და არ დაფიქრდა ჩვენ გასულ ისტორიაზე და იმ მაგალითებზე, რაც არსებობს, რომ რუსეთი ხელისუფლების დათმობებზე არასდროს დათმობით არ პასუხობს, პასუხობს იმით, რომ რაც უფრო გაურთულებს მდგომარეობას, ეს არის მისი მუდმივი მეთოდი და ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება.

მე ჩემი პოზიცია უკვე გამოვხატე „ტვიტერზე“. მე მიაჩნია, რომ ეს არის სრულიად მიუღებელი, უადგილო, უდროო, არც ვიზების მოხსნა არ გვჭირდება, არც ფრენების აღდგენა, ვიდრე რუსეთი არის მთელი მსოფლიოსთვის აგრესორი და ვიდრე არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი, ასეთი ჟესტი უდროო და მიუღებელია.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, თავის პოზიცია მკაფიოდ გამოაჩინოს, დრო არის იმის, რომ რასაც მოვითხოვ არაერთხელ, შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო საჯაროდ და განხილული იყოს რუსეთთან 3-თვიანი ვიზების დაწესება, რომელიც საჭიროა ჩვენთვის შიდა გამოწვევებიდან გამომდინარე. მეტი კონტროლი არის სახელმწიფოდან საჭირო იმ რუსების მიმართ, რომლებიც შემოდიან ქვეყანაში, რომლებიც რჩებიან ქვეყანაში და აუცილებელია რაღაც ზომები იყოს მიღებული, რათა ეს ყველაფერი ჩაჯდეს ნორმალურ ცივილიზებულ ჩარჩოებში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს აუქმებს. დოკუმენტის მიხედვით, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან უქმდება და საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში 90-დღემდე ვადით უვიზოდ ჩასვლა შეეძლებათ.

განკარგულების თანახმად, 15 მაისიდან რუსეთის ფედერაციაში გაგზავნილ საქართველოს მოქალაქეებს, რუსეთში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების განყოფილების თანამშრომლად და მათი ოჯახის წევრებს ეძლევათ ერთჯერადი ვიზა სამთვიანი ვადით.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აკრედიტაციის შემდეგ, ასეთი პირები სამი თვის განმავლობაში შედიან და ტოვებენ რუსეთს ვიზის გარეშე.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი.