გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს ფრენების „საჩუქარი“. ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, გაუგებარია, რატომ არანაირი ზომა და სამართლიანი რეგულაციები არ არის მიღებული რუსეთისგან მასიურად შემოსულებისთვის და მათი საქმიანობისთვის.
„დამოუკიდებლობა, რომელსაც დღეს ვზეიმობთ, სახელმწიფოსგან საკუთარი მოქალაქეების დაცვასაც გულისხმობს. სახელმწიფოებრიობა ისაა, როცა ქვეყანა წესებით და კანონებით იმართება. ესაა სახელმწიფო მიდგომა, რომელიც ყველაზე უნდა ვრცელდებოდეს. ამიტომ, გაუგებარია, რატომ არანაირი ზომა და სამართლიანი რეგულაციები არ არის მიღებული რუსეთისგან მასიურად შემოსულებისთვის და მათი საქმიანობისთვის, განსაკუთრებით კი, ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება, ან თუნდაც უძრავი ქონების შეძენა და დაწესებული გადასახადების გადაუხდელობა. ასევე გაუგებარი გახდა ჩვენი საგარეო პოლიტიკა, კონსტიტუციაში კი ევროპაა ჩაწერილი. ყოველდღიური განცხადებები და ქმედებები კი ევროპას გვაშორებს და იზოლაციისკენ მივყავართ. ისმის კითხვა, სად გაქრა სიტყვები-„ევროპა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია“. ჩვენ ვექიშპებით და ვლანძღავთ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს. ქვეყნებს, რომლებმაც დახმარების ხელის გამოგვიწოდეს, დაგვეხმარნენ სახელმწიფოს მშენებლობასა და ჩამოყალიბებაში. სამაგიეროდ, კი მათ, ვინც დღეს ჩვენ ტერიტორიის ოკუპაციას ახდენს დღემდე, ვეგებებით და ვუფრთხილდებით. ჩვენმა წინაპრებმა დიპლომატია, დაბალანსებული პოლიტიკა და სიფრთხილეც კარგად იცოდნენ, თუმცა, ეს ღირსებას და პრინციპულობას მოკლებული არასდროს ყოფილა. არ არსებობს ხალხი, რომელსაც ომის არ ეშინია. ომის სისასტიკე ჩვენსავით ცოტამ თუ იცის და ცოტას თუ ესმის, მაგრამ საკუთარ საზოგადოებაში შიშის გაღვივება, რაც ადვილია იმ ქვეყანაში, რომელსაც უამრავი შემოსევა და დაპყრობა ახსოვს, ამით მანიპულირება ვერ გახდება წარმატებული მართვის ფორმულა. ყველასთვის გასაგები რომ იყოს, გავიხსენოთ „იმედზე“ გასული ომის მოდელირებული ქრონიკა. გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს ფრენების „საჩუქარი“. ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?!“ - განაცხადა პრეზიდენტმა.