დღეს უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს ვესაუბრე - დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სამივე ერთად აღმოვჩნდებით ევროპის სრულუფლებიანი წევრები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მე დღეს უკრაინის პრეზიდენტს და ცოტა ადრე, მოლდოვის პრეზიდენტს ვესაუბრე, მათ მიულოცე. მათ მიენიჭათ გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაცია და ეს არის მათთვის დიდი ნაბიჯი და ჩვენც მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ. მივულოცე ჩვენგან, ყველასგან. მათ მთხოვეს, რომ ქართველი ხალხისთვის მათი მოლოცვა და დიდი სიყვარული გადმომეცა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სამივე ერთად ვივლით ამ გზაზე და აღმოვჩნდებით ევროპის სრულუფლებიანი წევრები და გავაკეთებთ ყველაფერს  ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის, მშვიდობისთვის, წინსვლისთვის, რადგან ეს არის ის, რასაც ევროპა ჰპირდება", - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.