"არავინ არის ოპოზიციით კმაყოფილი, არც მე და არც მოსახლეობა, ეს ყველამ ვიცით, რადგან ოპოზიცია მომზადებული იყო სხვა რამისთვის – ქარტიის ირგვლივ ვიცოდით ზუსტად, სამოქმედო გეგმა რა იყო, რა კანონები იყო მისაღები, როგორ უნდა წავსულიყავით შემდეგ ახალ არჩევნებამდე – ამაზე არ იყო ბოლომდე შეთანხმება, მაგრამ მივიდოდით იქამდე, ამის პირობას გაძლევთ. ამისთვის იყო მომზადებული ეს ოპოზიცია, რომელიც არის მრავალფეროვანი და არა წინასწარ შეთანხმებული და ეს კარგია, რადგან ეს არის დემოკრატია." – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.
"რაც გვაქვს, ეს გვაქვს – ეს არის საწყისი. ჩვენ 33 წელია, ვცხოვრობთ ერთპარტიულ სისტემაში, პატარა გამონაკლისების გარდა, რომლებიც დიდხანს არ გაგრძელდა, თუნდაც „ოცნების“ დასაწყისი პერიოდი. ეს ძალიან რთული მომენტია. მით უმეტეს, როცა ვთხოვთ პოლიტიკურ პარტიებს, ერთად იყვნენ იმ საქმეში, რაც არ არის პოლიტიკური პარტიის პირველი დანიშნულება, რომ ახლა ქუჩის პროტესტი მართოს – ისინი არ ემზადებოდნენ ამისთვის; არამედ ემზადები არჩევნებისთვის, ემზადები, რათა პარლამენტში პოლიტიკურად მიიღო მონაწილეობა და იქ კანონები მიიღო, ამ საქმისთვის ხარ მზად და უცებ უნდა გამართო ქუჩის აქციები.
კოორდინაცია მეტი უნდა იყოს, ეს არის ხალხის მოთხოვნა. სხვა გამოსავალი არავის გამოუგონია, თუ არა არჩევნები, როცა ქვეყანა არის ღრმა კრიზისში. ერთი ვარიანტი, ყველაზე უკიდურესი არის, რომ ჩაგვაბარონ რუსეთს, არ მინდა, ვიფიქრო, რა მოხდება ამ ქვეყანაში, თუ იქ მიგვიყვანეს, რასაც ნიშნავს რუსეთს ჩაბარება; მეორე გამოსავალი – სტაბილური, მშვიდობიანი, დემოკრატიული და თავისუფალი არის ახალი არჩევნები, რომელიც არ გულისხმობს, რომ „ქართული ოცნება” უცებ გადავარდება, დაიჭერენ და აღარ იქნება. ახალი არჩევნები ნიშნავს, რომ მიიღებენ თავიანთ კუთვნილ რაღაცას. ქვეყნის სტაბილურობა გადის ახალ არჩევნებზე”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.