რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის არ იქნა მოცემული სტატუსი, დავიწყეთ, პარლამენტში შეიქმნა შესაბამისი სამუშაო ჯგუფები და უმოკლეს ვადებში შესრულდა ყველა ის ვალდებულება, რომლის შესრულებაც შესაძლებელი იყო იმ მოკლე ვადებში. შემდეგ, რა თქმა უნდა, რამდენიმე კანონპროექტი გაიგზავნა ვენეციის კომისიაში, ახლა მივიღეთ, პარლამენტი ამის შესაბამის ცვლილებებს განახორციელებს და ჩვენი მხრიდან ყველა სამუშაო იქნება დასრულებული, მეგობრებო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
„აქვე მინდა ყველას შევახსენო, რომ პირველი განსაზღვრული პრიორიტეტი და პირობა არის პოლარიზაციის დასრულება, პოლარიზაცია, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიას ახასიათებს, ეს არის ამერიკა, ევროპის ნებისმიერი ქვეყანა, ყველგან არის პოლარიზაცია. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა არ და ვერ იქნება გამონაკლისი. კითხვა დავუსვათ საზოგადოებას, ჩვენს ოპოზიციას თუ რას აკეთებს ოპოზიცია პოლარიზაციის შესამცირებლად? ძალიან მოკლედ რომ შევახსენოთ ყველას, ჩვენ მათი მხრიდან ვნახეთ მხოლოდ ბოიკოტი, საბოტაჟი, პირდაპირი ხელის შეშლა, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ქვეყნის დესტაბილიზაცია, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ რა თქმა უნდა თავიდანვე არ ვეთანხმებოდით ჩვენი ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილებას. მე მათ პირადად ვუთხარი ძალიან ბევრჯერ, რომ ეს იყო შეცდომა, რომ საქართველოს არ მისცეს კანდიდატის სტატუსი ისევე ავანსად, როგორც ეს მისცეს უკრაინას და მოლდოვას. ვინაიდან ჩვენი პროგნოზით და ეს პროგნოზიც სახეზეა და გაცხადდა, ახდა, რომ პოლარიზაცია არა თუ დასრულდებოდა, არამედ მოიმატებდა ქვეყანაში.
ჩვენ რომ შევხედოთ ერთი წლის განმავლობაში შემცირდა თუ არა პოლარიზაცია, ალბათ ვერავინ დაგვეთანხმება, რომ ეს ასე მოხდა. პირიქით, ჩვენ ვნახეთ ამის შემდეგ დესტაბილიზაციის მცდელობები, შარშან ივნისის აქციები, ახლა უკვე მარტის აქციები, პოლარიზაციამ მოიმატა, პარლამენტარები არ მონაწილეობენ სამუშაო პროცესში, არ მიიღეს მათ მონაწილეობა ამ 12 რეკომენდაციისთვის შექმნილ სამუშაო ჯგუფებში, შესაბამისად ჩვენი პასუხი მინდა საჯაროდ ვთქვა, რაც მე გავუზიარე ღიად ჩვენს ევროპელ პარტნიორებს არის შემდეგი - თუ ევროპას და ჩვენს ევროპარლამენტარებს და ევროპელ კოლეგებს რეალურად სურთ პოლარიზაციის დასრულება, მათ უნდა მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ეს მოხსნის ყოველგვარ კითხვებს, ყოველგვარ სპეკულაციებს, დაასრულებს მათ ამ დესტრუქციულ და რადიკალურ მოქმედებებს და რეალური მიზეზი აღარ დარჩება ჩვენს ექსტრემისტულ ოპოზიციას, რომ რაიმე ბრალი წაუყენონ ჩვენს ხელისუფლებას. ეს არის რეალობა, თუ გვინდა, რომ ამ რეალობაზე ვესაუბროთ ჩვენს ხალხს,“- განაცხადა პრემიერმა.