ჩვენ არ ვართ ომისთვის განწყობილი მთავრობა, მათი სურვილი იყო, სააკაშვილი ყოფილიყო ხელისუფლებაში, რომელიც ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ და შეუერთდებოდა უკრაინას და საქართველოს ჩართავდა ომში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
„რაც შეეხება ამ ომის რისკებს და ომის დასრულების შემდეგ საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე მის პირდაპირ გავლენას, მემგონი ყველა ძალიან კარგად ვხვდებით, რომ უკრაინის ომის შედეგებს პირდაპირი გავლენა ექნება ჩვენს ქვეყანაზე და უკვე ახლაც აქვს გავლენა.
ჩვენ ომის დაწყების დღიდან და მანამდეც, მე მინდა ამის ერთგვარი ანალიზი წარვუდგინო საზოგადოებას და კიდევ ერთხელ შევახსენო ქრონოლოგიურად ფაქტები, მხოლოდ ფაქტები და სიმართლე მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას. იყო არაერთი მცდელობა, ე.წ მეორე ფრონტის გახსნის და საქართველოს ომში ჩაბმის. მე შეგახსენებთ, რომ თვითონ ეს ფრაზა „მეორე ფრონტი“ გაჟღერდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მხრიდან. ბატონი დანილოვი გამოვიდა, რომელმაც პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათი სურვილი, მიზანი იყო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. აქვე დაამატა, რომ მათი მიზანი, ამოცანა იყო რუსეთის ყურადღების გადატანა სხვა ქვეყნისადმი, სხვა რეგიონის მისამართით. ისიც აღნიშნა, რომ არა მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები უნდა იღუპებოდნენ, არამედ, ამ ომის შედეგები უნდა იგრძნოს სხვა ქვეყნებმაც. ეს არის შინაარსი ძალიან მოკლე, იმ გამოსვლის, რომელიც ჩვენ ყველამ, მთელმა საზოგადოებამ მოისმინა.
ამის შემდეგ ჩვენ კარგად გვახსოვს განცხადებები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების. ჩვენ არ ვართ ომისთვის განწყობილი მთავრობა, მათი სურვილი იყო, სააკაშვილი ყოფილიყო ხელისუფლებაში, რომელიც ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ და შეუერთდებოდა უკრაინას და საქართველოს ჩართავდა ომში. სულ ბოლო გამონათქვამს შეგახსენებთ ბატონი ვანო მერაბიშვილის, რომელიც არის არაფორმალური მმართველი „ნაციონალური მოძრაობის“. მან თქვა ერთ-ერთ უკრაინულ არხზე, რუსულ ენაზე გამოვიდა და საუბრობდა. მან თქვა, რომ მათი მიზანი არის ხელისუფლების დამხობა, შეცვლა და შემდეგ ომის დაწყება რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის ის სიტყვები, რომელიც ბატონმა მერაბიშვილმა თქვა საჯაროდ. ეს არის მტკიცებულებები ძვირფასო მეგობრებო, მე ფაქტებს შეგახსენებთ მხოლოდ“, - განაცხადა პრემიერმა.