გახარიას არ ჰქონდა წინა ხელისუფლებასთან არც პირდაპირი, არც ირიბი კავშირი, არც საქართველოში არ ცხოვრობდა თავის დროზე, მაგრამ მას აქვს უკვე მჭიდრო კავშირი ახლა ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან, რადიკალურ ოპოზიციასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.
პრემიერის თქმით, გახარიას და მის პარტიას შექმნილი აქვს ოფიციალური კოალიცია 4 მუნიციპალიტეტში პარტია „ნაცმოძრაობასთან“.
„ასევე დღეს გაიხსენა ჩვენი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და უმრავლესობის ლიდერმა მისი ქმედებები, რაც განახორციელა ბოლო წლების განმავლობაში. რეალურად ის რას აკეთებდა, მოქმედებდა, როგორც უცხოელი აგენტი და მიზანმიმართულად აკეთებდა ყველაფერს იმისათვის, რომ ერთმანეთთან დაეპირისპირებინა სახელმწიფო ინსტიტუტები და ადამიანები, განსაკუთრებით სამართალდამცავი უწყებები და ადამიანები, პოლიცია და ახალგაზრდები. თითოეული მისი ეს მძიმე ქმედება დაკავშირებული იყო სწორედ ამ დავალებასთან. პანკისის ამბავი პირდაპირ ამას ნიშნავდა, შეურაცხყოფილი დარჩა იქ სპეცრაზმი იმის გამო, რომ ოპერაცია იყო შეგნებულად ასე გაკეთებული. შიგნით იყო მუდმივად გარჩევები ამასთან დაკავშირებით, თუმცა აქაც ვფრთხილობდით. მესტია შეგვიძლია კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ზუსტად იგივე, შეურაცხყოფილი დატოვა სპეცრაზმი იმის გამო, რომ ოპერაცია იყო ზუსტად ასე დაგეგმილი, ამისკენ იყო მიმართული ეს ყველაფერი.
ბასიანი გახსოვთ, სადაც პირველად დაუპირისპირა ხელოვნურად ერთმანეთს პოლიცია და ახალგაზრდები. ეს იყო დავალება, რომელიც მან შეასრულა და 20 ივნისი, როდესაც არ გამოიყენა არც გაზი, არც წყლის ჭავლი, ეს არის ყველაზე რბილი ფორმები ხომ, იმისათვის, რომ შენ არავის არაფერი დაუშავო და თან სახელმწიფოს ინტერესებიც დაიცვა. სპეციალურად არ გამოიყენა არც ერთი, არც მეორე, სპეციალურად წინა ჭიშკრის წინ დააყენა სპეცრაზმი და პოლიციელები იმისათვის, რომ მჭიდრო კონტაქტი ყოფილიყო მათსა და მოძალადე მომიტინგეებს შორის, რათა ესკალაცია მაქსიმალურად გაღრმავებულიყო აქციის დროს და ასეთ დროს უკვე საქმე მივიდა რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, რაც საბოლოო ჯამში დასრულდა იმით, რომ ადამიანებმა დაკარგეს თვალი. ეს იყო დავალების შესრულება გამომდინარე იქიდან, რომ ეს კაცი თვალდახუჭული აკეთებდა ყველაფერს, რასაც გარედან ავალებდნენ და ჩორჩანა კიდევ, ძალიან მძიმე ამბავი, სადაც არავის შეუთანხმა, ჩადგა საგუშაგო, ამას მოყვა ესკალაცია, რუსებმა ჩადგეს სამჯერ მეტი საგუშაგო და საბოლოო ჯამში მოხდა იქ საზღვრის გადმოწევა. ერთი საინტერესო დეტალი აქ რა არის, ეს იყო რეალურად, თქვენ იცით, ყველაფერზეა ჩასაფრებული „ნაცმოძრაობის“ როგორც პარტიული რესურსი, ასევე მედია რესურსი, ასეთი რაღაც რომ ხდება, პირველი შენ უნდა იყო, ვინც გამოიყენებ ამას ხელისუფლების წინააღმდეგ. არც ერთ მედია საშუალებას, ყველამ იცოდა ყველაფერი, არ გაუშუქებია ეს ყველაფერი. მიზეზი რა არის, ვინც დაავალა გახარიას ამ ქმედების ჩადენა, ზუსტად იგივე ადამიანები აკონტროლებენ „ნაცმოძრაობის“ კუთვნილ მედია საშუალებებს. არ აწყობდათ გახარიასთვის ჩრდილის მიყენება და შესაბამისად, არცერთ „ნაცმოძრაობის“ კუთვნილ ტელევიზიას ხმა არ ამოუღია ჩორჩანასთან დაკავშირებით, რაც ძალიან დამაზიანებელი შეიძლებოდა ყოფილიყო ხელისუფლებისთვის, მაგრამ მათ შეგნებულად არ დააზიანეს გახარია იმიტომ, რომ ასეთი დავალება ჰქონდათ მიღებული. ასევე ერთი საინტერესო დეტალი მინდა შეგახსენოთ, როცა ზუგდიდში ტარდებოდა არჩევნები, საპრეზიდენტო არჩევნებიდან მალევე, 2019 წელს, მაშინ იყო საკმაოდ რთული ვითარება, ზღვარზე იყო რეალურად მონაცემები. როდესაც კვლევა ჩავატარეთ, ერთ მხარეს იყო ჩვენი კანდიდატი, რომელიც გახარიასთან იყო დაკავშირებული, გეგა შენგელია და მეორე მხარეს იყო სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი და 50-50-ზე იჯდა მონაცემები ჩვენი კვლევის თანახმად, რაც ვუთხარით გახარიას , ერთი მომენტი შეშფოთდა და მივხედავო, ასეთი რაღაც თქვა. ამის მერე ხდება რა, ჩადის გვარამია ზუგდიდში და მთელ 2 დღეს, არჩევნების წინა დღეს და არჩევნების დღეს უძღვნის გეგა შენგელიას პიარ კამპანია იმისათვის, რომ გახარიას კანდიდატმა არ წააგოს არჩევნები. ეთერში უშვებს, მაშინ რუსთავი 2 იყო თუ არ ვცდები, ხალხის გამოკითხვას, სულ ალაგებდნენ ყოველთვის, მარტივად აჩერებდნენ 100 ადამიანს, იქიდან შეიძლება 10 ყოფილიყო სანდრა რულოვსის მომხრე და ათივეს ამას უშვებდნენ, უმეტესობა გაუშვეს გეგა შენგელიას მხარდამჭერები და ამას მოყვება მერე გვარამიას კომენტარი, რომ შენგელიაზე ცუდის მთქმელის ზუგდიდში ვერ ვნახეო. მერე გახსოვთ, როგორ აგინებს ზუგდიდელებს პირდაპირ ეთერში. ამ ყველაფერმა, საბოლოო ჯამში, რამდენიმე პროცენტით გაზარდა შენგელიას რეიტინგი და მარტივად დასრულდა. რასაც დაგვპირდა დაალაგა გვარამიას და „ნაცმოძრაობის“ მეშვეობით. აქაც იგივე კავშირები მოქმედებდა. ვინც არის გახარიას პატრონი, იგივეა გვარამიას პატრონი. ყველა ერთად არის აღებული ჩვეულებრივი აგენტურა, მათ არ აქვთ არავითარი დამოუკიდებელი დღის წესრიგი, თავიდან ბოლომდე არიან დამოკიდებული პატრონების დავალებაზე“, - განაცხადა პრემიერმა.