აჭარა და ბათუმი თითოეული ქართველისთვის არის ის მხარე და ქალაქი, რომლის მიმართაც ყველას განსაკუთრებული სიყვარული გვაკავშირებს. მიხარია, რომ დღეს ეს მხარე და ეს ქალაქი არის ბევრად უფრო განვითარებული, ვიდრე იყო 12 წლის წინ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აჭარა და ბათუმი კიდევ უფრო გალამაზდეს და განვითარდეს. ამისათვის კი, პირველ რიგში, აუცილებელია შევინარჩუნოთ მშვიდობა, და მტკიცედ და ღირსებით დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები,- ასე მიმართა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას.
„კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ ეს არის არა უბრალოდ არჩევნები, არამედ გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს, სურს ომი თუ მშვიდობა, მხარს უჭერს ამორალურ პროპაგანდას თუ ტრადიციულ ფასეულობებს, ირჩევს ბნელ წარსულს თუ ირჩევს საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს,“ -განაცხადა კობახიძემ.
როგორც მან აღნიშნა, მშვიდობას, ტრადიციულ ფასეულობებს და საქართველოს ნათელ მომავალს და შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს, სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს გადამწყვეტი არჩევანი, რომელიც საქართველოს მშვიდობას შეუნარჩუნებს და განვითარებას მოუტანს.
„2012 წლამდე საქართველოს მართავდა უცხოური აგენტურა, უსამშობლო პოლიტიკოსების ავტორიტარული რეჟიმი, რომელმაც ადამიანების მკვლელობითა და წამებით, ბიზნესის რეკეტით, ტელევიზიების მიტაცებით, არჩევნების გაყალბებით, ომით და საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვით დაგვამახსოვრა თავი. ამ უმძიმესი დანაშაულების პარალელურად, რეჟიმი ვერც ეკონომიკური მიღწევებით გამოირჩეოდა და 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ მათგან უმძიმესი მემკვიდრეობა გადაიბარა,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.