ჩვენი შეთავაზება იყო საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა პოზიციების შეჯერებისთვის, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაადო ვეტო კანონს, რითაც, სამწუხაროდ, ყველანაირი სივრცე ჩაიკეტა ჯანსაღი დისკუსიისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ოპონენტები მაქსიმალურად გაურბიან კანონის შესახებ დისკუსიას.
„ბოლო თემა, რომელსაც შევეხები, ეს არის კიდევ ერთხელ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ იმაზე, რომ სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ამ კანონს მხარს უჭერს მოსახლეობის 60%-ზე მეტი. თვითონ გამჭვირვალობის იდეას, არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას მხარს უჭერს მოსახლეობის 60%-ზე მეტი. თვითონ გამჭვირვალობის იდეას და არასამთავრობო ორგანიზაციის გამჭვირვალობას მხარს უჭერს მოსახლეობის 80%-ზე მეტი. რაც შეეხება კანონს, კანონს მხარს უჭერს მხარს უჭერს მოსახლეობის 60%-ზე მეტი. შესაბამისად მოსახლეობის უმრავლესობის საღმა აზრმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს, ეს ჩემი პირადი აზრია.
ამ ყველაფრის მნიშვნელობაზე მეტყველებს ისიც, რომ ოპონენტები მაქსიმალურად გაურბიან დისკუსიას. თქვენ გახსოვთ, რომ როდესაც პარლამენტში წარიმართებოდა დისკუსია, დებატები, კანონთან დაკავშირებით, ოპონენტები ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ჯანსაღი დისკუსია არ შემდგარიყო. ასევე პირადად შევთავაზე დიპლომატებს, მონაწილეობა მიეღოთ ამ კანონპროექტის საჯარო განხილვაში, თუმცა სამწუხაროდ, არ იყო არავითარი გამოხმაურება.
ასევე, როგორც მოგეხსენებათ, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო კანონს, რითაც ჩაკეტა ყველანაირი სივრცე დისკუსიისთვის. ჩვენი შეთავაზება იყო საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა პოზიციების შეჯერებისთვის, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაადო ვეტო კანონს, რითაც, სამწუხაროდ, ყველანაირი სივრცე ჩაიკეტა ჯანსაღი დისკუსიისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო დაადო.
"დღეს დავადევი ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით, არის რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუცია და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.
ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივ ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს" - განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 84 მომხრე - 30 წინააღმდეგი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 2024 წლის 14 მაისს მიიღო. რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად გადაეგზავნება
ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.