2008 წლის ომი არის მნიშვნელოვანი გაკვეთილი. ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს უსაფრთხოება და სახელმწიფოებრივი ინტერესები ვერ იქნება დამოკიდებული სხვა სახელმწიფოების კეთილ ნებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საბოლოო პასუხისმგებლობა საკუთარ ქვეყანაზე თავად საქართველოს ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს ეკისრება.
„ეს მოცემულობა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს სათავეში მყოფმა ხელისუფლებამ, ნებისმიერ ვითარებაში, წინა პლანზე საკუთარი ქვეყნის ინტერესები დააყენოს. უცხო ქვეყნის ინტერესებთან თანხვედრა, თუნდაც მას მოკლევადიან პერსპექტივაში კონკრეტული სარგებელი მოჰქონდეს, ვერასოდეს უნდა გახდეს საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების ჩანაცვლების საფუძველი,“- აღნიშნა პრემიერმა.









