ვიმედოვნებ, მესიჯები, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში ევროპის ლიდერებისგან მიიღო, არის გულწრფელი, ვიმედოვნებ, დეკემბერში ყველა ვიზეიმებთ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, რეკომენდაციების შესრულების კუთხით ერთის მხრივ, ბევრი გაკეთდა, მეორე მხრივ, საქართველოს მხრიდან ისევ შერეული სიგნალები მოდის.
„აქ ერთი წელზე მეტია, რაც ვიმყოფები, ძალიან დაკვირვებით ვუსმენ, რასაც სხვადასხვა პოლტიკოსები ამბობენ. ზოგი ამბობს, რომ საქართველომ პრაქტიკულად ყველაფერი შეასრულა. ზოგი პოლიტიკოსი ამბობს, რომ საქართველოს რეკომენდაციები არ შეუსრულებია. ჩემს მოსაზრებას თუ მკითხავთ, ვფიქრობ, სურათი შერეულია. ერთის მხრივ, ბევრი გაკეთდა, განსაკუთრებით, ბოლო კვირების განმავლობაში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტის შემდეგ, ვნახეთ უფრო ინტენსიური სამუშაოები. მეორე მხრივ, საქართველოს მხრიდან ისევ შერეული სიგნალები მოდის. გვაქვს პრეზიდენტის მიმდინარე იმპიჩმენტი, რომელიც ნამდვილად არ უწყობს ხელს პირველი პრიორიტეტის განხორციელებას. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შესახებ კითხვები არ უწყობს ხელს მეორე პრიორიტეტს. ასევე, კიდევ არსებობს ზეწოლა „ენჯეოებზე“ და სამოქალაქო საზოგადოებაზე. გადაწყვეტილება იქნება 27 ქვეყანაზე. ვიმედოვნებ, ის მესიჯები, რაც გუშინ პრემიერ-მინისტრმა ესპანეთში ევროპის ლიდერებისგან მიიღო, არის გულწრფელი, ამიტომ ვიმედოვნებ, დეკემბერში ჩვენ ყველა ვიზეიმებთ“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
მისი თქმით, საქართველო უფლებამოსილია, გახდეს ევროკავშირის წევრი, თუმცა იმისთვის, რომ ეს პროცესი შესაძლებელი იყოს, საჭიროა ღრმა რეფორმები საქართველოში, ისევე როგორც ყველა სხვა კანდიდატ სახელმწიფოში.
„გასულ წელს ივნისში საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღო. ევროპული პერსპექტივა არსებობს, სამუდამოდ. ძალიან მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრმა 27-მა ქვეყანამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო უფლებამოსილია, გახდეს მომავალში ევროკავშირის წევრი. თუმცა იმისთვის, რომ ეს პროცესი შესაძლებელი იყოს, საჭიროა ძალიან ღრმა რეფორმები საქართველოში, ისევე როგორც ყველა სხვა კანდიდატ სახელმწიფოში. ამასთან, პარალელურად, საჭიროა რეფორმების პროცესი ევროკავშირში. ასე რომ, ერთი მხრივ, საქართველო და სხვა კანდიდატი ქვეყნები მზად უნდა იყვნენ მომავალი წევრობისთვის. მეორე მხრივ, ევროკავშირი მზად უნდა იყოს, პოზიციაში ახალი წევრი ქვეყნების მიღებისთვის. ამ მომენტში, ჩვენ გვაქვს პარალელურად ორი პროცესი. რეფორმები საქართველოში და სხვა კანდიდატ ქვეყნებში, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირში საქართველოს მომავალი გაწევრიანების წარმატებისთვის და დისკუსია ევროკავშირის რეფორმების შესახებ, ამჟამინდელი 27 წევრი ქვეყნის, მექანიზმების შექმნაზე, რომელიც საშუალებას მისცემს გაფართოების ძალიან წარმატებულ ტალღას. ასე რომ, ეს ფართო სურათია.
ჩვენ ველოდებით გაფართოების პირველ ანგარიშს საქართველოსთვის, ეს იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული ევროკავშირის კომისიის მიერ შემუშავებული ანგარიში. მას ექნება 35 თავი, რომელიც ხსნის, სად არის მიღწეული პროგრესი და ასევე მიუთითებს, სად უნდა მიაღწიოს საქართველომ შემდგომ პროგრესს მის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ანგარიშში ასევე იქნება რეკომენდაციები წინსვლასთან დაკავშირებით და ანგარიში იქნება საფუძველი იმ დისკუსიებისთვის 27 ევროკავშირის წევრი ქვეყნისთვის, რომელიც წლის ბოლოს, დეკემბერში უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე გაიმარათება, რომლებიც ერთხმად გადაწყვეტენ, რა საფეხურები იქნება გადასადგმელი, როდესაც საქმე ეხება საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებებს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.