ბევრი წლის განმავლობაში ევროკავშირი ამაყად უჭერდა მხარს საქართველოს განვითარებას და ქვეყნის სურვილს, გამხდარიყო ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
„მინდა, გითხრათ, რომ ყოველწლიურად ჩვენ ვხარჯავდით 85 -100 მილიონ ევროს სხვადასხვა პროექტის დაფინანსებაში. დიდი ნაწილი გადაეცემოდა პირდაპირ საქართველოს მთავრობას, დაახლოებით 50% მიდიოდა სახელმწიფოს ბიუჯეტში, დიდი ნაწილი ეძლეოდა აღმასრულებელ პარტნიორებს, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროსთან მუშაობდნენ. მხოლოდ პატარა ნაწილი ეძლეოდა სამოქალაქო საზოგადოებას და მედიაწარმომადგენლებს. ჩვენ, საქართველოს მთავრობის რეაქციებით და ქმედებების გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, შეგვეწყვიტა საქართველოს მთავრობის დაფინანსება და ეს თანხა გადანაწილდება სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაში, ბევრი სხვადასხვაა პროექტია“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ამასთან, როგორც პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, მუდმივი დისკუსია მიმდინარეობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის საქართველოში იმ პირებისთვის სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაზე.
ჰერჩინსკის თქმით, ამჟამად ერთსულოვნება მიღწეული არ არის.
„მე არ ვარ პოლიტიკური კომენტატორი, მე არ ვარ ანალიტიკოსი, არ ვარ მეცნიერი. მაქვს პატივი, წარმოვადგინო ევროკავშირი საქართველოში. რასაც ვაკეთებ, ეს არის ევროკავშირის პოზიციის წარმოდგენა. ეს პოზიცია შემუშავებულია ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ. მინდა, შეგახსენოთ, რომ სამი წლის წინ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა განაცხადის შეტანა ევროკავშირის წევრობისთვის. 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირმა გადაწყვიტა, საქართველოსთვის მიენიჭებინა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. როგორც კანდიდატის სტატუსის მფლობელი ქვეყანა, მთავრობა ნებაყოფლობით დათანხმდა ევროკავშირის მხრიდან დაკვირვებას. ჩემი ვალდებულებაა, ინფორმაცია მივაწოდო მთავრობას, ასევე საზოგადოებას საქართველოსა და ევროპის ურთიერთობების მდგომარეობის შესახებ. ამას ვაკეთებ ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის მიღწეული გადაწყვეტილების საფუძველზე. თუ გსურთ კონკრეტული ინფორმაცია ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ მიმდინარე დისკუსიების მდგომარეობაზე, მე ასევე ვარ პირი, რომელსაც აქვს უფლება ამის გაკეთების. დიახ, შემიძლია დავადასტურო, რომ მიმდინარეობს მუდმივი დისკუსია ევროკავშირის 27 დედაქალაქს შორის საქართველოში იმ პირებისთვის სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ამჟამად არ არის ერთსულოვნება, მაგრამ მუშაობა გრძელდება და იმედი მაქვს, ერთსულოვნება მიღწეული იქნება“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები დაბალ ნიშნულზეა.
„როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩი, მე ვასრულებ ჩემს მოვალეობას, ვასრულებ ჩემს სამუშაოს, რამდენად კარგადაც შემიძლია. მსურდა, შემექო ხელისუფლება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ყველამ ვიცით, ეს ურთიერთობები ძალიან დაბალ ნიშნულზეა. მე წარმოვადგენ ევროკავშირს, წარმოვადგენ ევროკავშირის პოზიციას, რომელიც შეთანხმებულია ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ, მათ შორის უმაღლეს დონეზე, ევროპული საბჭოს დონეზე. განვაგრძობ ამის კეთებას, ვიდრე აქ ვიმყოფები, როგორც ევროკავშირის ელჩი“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.