ევროკავშირი ეფუძნება პრინციპებს, ყველაზე მნიშვნელოვანი კი შეკრების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განაჩენის შესახებ.

პაველ ჰერჩინსკის განმარტებით, ეს კითხვა მართლმსაჯულების სისიტემას მიემართება და თავად კომენტარს ამაზე არ უნდა აკეთებდეს.

„რაც შეეხება განაჩენს, რომელზეც კითხვა დამისვით. ეს კითხვა მართლმსაჯულების სისტემისთვისაა და კომენტარს მე არ უნდა ვაკეთებდე. რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ ევროკავშირი ეფუძნება პრინციპებს. ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპები კი შეკრების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლებაა. ესაა ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც აერთიანებს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს და ეს პრინციპები თითოეულმა ქვეყანამ უნდა დაიცვას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ცნობისთვის, ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით, 29 ნოემბრის ეპიზოდზე ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.