პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით 7-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებას.
საკითხი პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა მარიამ ლაშხმა წარადგინა. მისი თქმით, 2025 წლის პირველი აპრილიდან საქართველოში ამოქმედდა თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაციის/განლაგების მოთხოვნები, მათ შორის, შეფუთვის ფერი, წარწერები, ნიშნები და სხვა. აღნიშნული რეგულაციები ასევე გავრცელდა სიგარილაზეც.
მარიამ ლაშხის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილების მიღების შემთხვევაში, სიგარილაზე გავრცელდება კანონით გათვალისწინებული ის ნორმები, რომლებიც ვრცელდება სიგარაზე, მათ შორის, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის სტანდარტიზების წესი სავალდებულო აღარ იქნება სიგარილასთვის.