საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 82 ხმით მხარი დაუჭირა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციების შექმნის წესის ცვლილებას ითვალისწინებს.
საკითხი პარლამენტის წევრებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გააცნო.
წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, 2029 წლის არჩევნებში არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, შეუძლია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად შექმნას სხვა ფრაქცია, თუ იგი პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი იყო როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის უპარტიო კანდიდატი, ან თუ იგი დატოვებს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობას და გაწევრდება სხვა პარტიაში.