პარლამენტმა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტს 79 ხმით, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის თანახმად, ერთჯერადი დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის (მათ შორის, გასამმაგებული და გასამმაგებულის გასამმაგებული ჯარიმის) ან/და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან გათავისუფლდება ის პირი, რომელმაც საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) საქმიანობა სანებართვო პირობების დარღვევით ან შესაბამისი ნებართვის გარეშე განახორციელა 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე.
კანონპროექტის ავტორია ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი. ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, მაია ბითაძე, შოთა ხაბარელი, დიმიტრი სამხარაძე, ნიკა ელისაშვილი, სალომე ჯინჯოლავა, ზურაბ რურუა, გიორგი ვოლსკი, დავით კაჭარავა, აკაკი ალადაშვილი, ირაკლი ხელაძე, ვლადიმერ ბოჟაძე, რიმა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, ნოდარ ტურძელაძე, ლევან მაჭავარიანი, ირაკლი ზარქუა.




