საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის პროექტის “გმირის დღის“ ფარგლებში, ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პროექტის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ახალგაზრდების მიერ საქართველოს ისტორიის, ასევე ეროვნული გმირების უკეთ გაცნობას.
პროექტის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა; ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, დროებითი კომისიის წევრმა რიმა ბერაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა.
პროექტის ფარგლებში, 6-7 ნოემბერს, მონაწილეებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებები გაიმართება. მოსწავლეები გიორგი მაზნიაშვილისა და მარო მაყაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას გაეცნობიან.
პროექტი „გმირის დღე“ საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის ინიციატივაა. მისი მიზანია ქართველი გმირების შესახებ ცოდნის გავრცელება, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება და ეროვნული თვითშეგნების გაძლიერება ბავშვებსა და მოზარდებში.




