გუშინ საინფორმაციო სააგენტო "აიპრესში" გამოქვეყნებულ სტატიას სახელწოდებით: "32 თანამშრომელი, ხელფასზე მეტი დანამატები და საოცარი პასუხები - პარლამენტის პიარ სამსახური" საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა როგორც სოციალურ ქსელში, ასევე „აიპრესის“ „ფეისბუქ“ გვერდზე.
მოსაზრებები და კომენტარები იყო განსხვავებული, ასევე გარკვეული პირების მხრიდან, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში, გამოითქვა ეჭვი იმის თაობაზე, თითქოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო ბერაძის კომენტარები იყო კონტექსტიდან ამოღებული და შეცვლილი.
გამომდინარე იქედან, რომ ჩვენთვის ყველაზე ღირებულია სააგენტოს რეპუტაცია და ნდობის ის მანდატი, რომლითაც საზოგადოების წინაშე წარვსდგებით, გადავწყვიტეთ, აუდიოჩანაწერი გამოვაქვეყნოთ, რომელიც სრულად ასახავს საუბრის იმ ნაწილს რომელის შინაარსიც რამდენიმე ადამიანმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
"რატომ ითხოვთ მაინცდამაინც ჩვენი დეპარტამენტის ანგარიშს? სხვა რომელი დეპარტამენტის ანგარიში მოითხოვეთ?! საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის, როგორც წესი, მინიმუმ 30 დღე არსებობს. მოგვმართეთ საჯაროდ. 2015 წლის ანგარიშს რომ ითხოვთ, 2014 წლის ნახეთ? ან 2008 წლის? ან მაგალითად როდესაც დამოუკიდებლობა მივიღეთ იმ წლის ნახეთ?"
ეს გახლავთ პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ნინო ბერაძის კონტრკითხვები „აიპრესის“ თხოვნაზე, მოეწოდებინა ჩვენთვის აღნიშნული დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიში.
დეპარტამენტის საქმიანობამ ჩვენი ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც ჩვენსავე გამოთხოვილ ინფორმაციაზე პასუხად მივიღეთ, რომ: „საქართველოს პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტში მუშაობს 32 საჯარო მოსამსახურე. მათ შორის, 1 დეპარტამენტის უფროსი, 4 განყოფილების უფროსი, 1 მთავარი სპეციალისტი, 21 წამყვანი სპეციალისტი, 4 უფროსი სპეციალისტი, 1 სპეციალისტი.
ბუნებრივია, დავინტერესდით რას საქმიანობდა დეპარტამენტი საკმაოდ წარმომადგენლობითი შემადგენლობით. დეპარტამენტი, რომლის უფროსსაც ყოველ თვე სახელფასო სარგოზე მეტი დანამატი აქვს და აქვს პრემიაც.
პასუხი საჯარო ინფორმაციაზე: საქართველოს პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა დაინფორმაციის დეპარტამენტის უფროსის ნინო ბერაძის შემოსავალმა 2015 წელს და 2016 წლის ივლისამდეშეადგინა 82 910.00 ლარი.
კერძოდ, 2015 წელს შეადგინა 55 110.00 ლარი (აქედან, თანამდებობრივი სარგო - 23 520.00, დანამატი - 24240.00 ლარი, პრემია - 7 350.0 ლარი).
2016 წლის 1 ივლისამდე - 27 800.00 ლარი (აქედან, თანამდებობრივი სარგო - 11760.00 ლარი, დანამატი - 12120.00 ლარი, პრემია - 3 920.00 ლარი).
სტატიის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ თავშივე მოცემულ ბმულზე, ჩვენ კი თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ შემდეგ ძალიან მნისვნელოვან ფაქტორზე, რომლის ცოდნაც წესით ყველა იმ საჯარო მოხელეს უნდა მოეთხოვებოდეს, რომელსაც რაიმე სახის შეხების წერტილი აქვს მედიასთან, აღარაფერს ვამბობთ საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელზე.
ამის შესახებ ბერაძემ „აიპრესთან“ საუბრისას განაცხადა. მას ჩვენ დეპარტამენტის საქმიანობის 2015 წლის ანგარიშს ვთხოვდით, რაზეც მან გვიპასუხა, რომ ამისთვის საჯარო ინფორმაცია უნდა მოვითხოვოთ, რისთვისაც მისი ინფორმაციით 30 დღეა საჭირო.
რაც შეეხება ერთ თვიან ვადას, ეს ვადა გათვალისწინებულია გასაჩივრებისთვის, თუკი ინფორმაციის მომთხოვნ პირს პასუხი არასწორად გასცეს“, - განუცხადა ნათია კაპანაძემ "აიპრესს“.