უძრავი ქონების სექტორში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ უძრავი ქონების ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიასთან, PRYPCO TECHNOLOGIES-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობის ჩარჩოს შექმნას უძრავი ქონების ტოკენიზაციის მიმართულებით, რაც რეალური აქტივების ელექტრონულ ერთეულებად გარდაქმნას გულისხმობს.

აღნიშნული პროცესის მიზანია უძრავი ქონების სექტორში ინვესტიციების წახალისება და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კერძო საკუთრების უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე უსაფრთხო, გამჭვირვალე და ინოვაციური პროცესების დანერგვა.

მემორანდუმს ხელი მოეწერა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს მთავრობის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.