რეგიონებიდან გულმხურვალე ადამიანები მოდიან - აქ გამოჩნდება, სად დგას ხალხი, სად დგას საქართველო,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა რუსთაველის გამზირიდან „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა.
„მთელი ერთი კვირის მანძილზე რა არ გააკეთეს, რომ დისკრედიტაცია მოეხდინათ ამ შეკრების, ამ ადამიანების შეურაცხყოფით და ზეწოლით გარკვეულწილად დაეთრგუნათ ხალხის მაგრამ რეალურად აქ გამოჩნდება და დაინახავთ, სად დგას ხალხი, სად დგას საქართველო“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ვიცე-სპიკერმა ასევე ისაუბრა შეკრების მთავარ გზავნილსა და მოტივზე.
„ჩვენი მთავარი გზავნილი არის საქართველოს გზა ღირსებით ევროპისკენ, ჩვენი მთავარი მოტივი არის ქვეყნის სიყვარული, ჩვენი მთავარი მიზანი არის, დავიცვათ მამული, ენა, სარწმუნოება. რუსთაველის გამზირზე ნამდვილი ზეიმია. მთელი საქართველოს მასშტაბით - თბილისიდან, რეგიონებიდან გულმხურვალე ადამიანები მოდიან, რომ გამოხატონ სიყვარული და ერთგულება თავისი ქვეყნის მიმართ და დააფიქსირონ თავისი მხარდაჭერა იმ სწორი პოლიტიკის მიმართ, რომელსაც მათ მიერ არჩეული ხელისუფლება ატარებს ამ 12 წლის მანძილზე. ჩვენ, როგორც ხელისუფლება პასუხისმგებელი ქვეყნის მართვაზე, რა თქმა უნდა, სწორ ნაბიჯებს და ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას უზრუნველვყოფთ“, - აღნიშნა მან.