დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და აგრარულ საკითხთა კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე პარლამენტის წევრთა ჯგუფის საკანონმდებლო ინიციატივა - „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის“ პროექტი განიხილეს.
„ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია“ მიზნად ისახავს საქართველოში არსებული სპეციფიკური გენდერული თანასწორობის გამოწვევების გათვალისწინებით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ჩარჩოს ჩამოყალიბებას, რომელიც ინდივიდუალურ, საზოგადოებრივ, კერძო პრაქტიკისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დონეზე ღონისძიებებს ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია, რომ კონცეფცია მხარდაჭერილია მულტიპარტიულ ფორმატში, რაც გულისხმობს იმას, რომ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე, ზოგადად ქალებისთვის უფლებრივი მდგომარეობის და მათი შესაძლებლობების გაუმჯობესების კუთხით გვაქვს კონსენსუსი“, - განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.
⁹
მისივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ კონცეფციის შემუშავება ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით მოხდა.
„ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციით“ განსაზღვრული მიმართულებებია: ეკონომიკურ რესურსებზე თანაბარი წვდომა; გენდერულად მგრძნობიარე სამართლებრივი ჩარჩოს გაძლიერება; საჯარო სექტორის შესყიდვების და დასაქმების პრაქტიკის გაუმჯობესება; კერძო სექტორში დასაქმების პრაქტიკის გაუმჯობესება და სხვა;
როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, ქვეყანაში შრომისუნარიანი ქალების მხოლოდ 40%-ია დასაქმებული, მსოფლიო ბანკის კვლევით კი, საქართველოში ისეთივე ეკონომიკური აქტივობა რომ იყოს, როგორც კაცების, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 11%-ით გაიზრდებოდა.
„ამგვარად, კონცეფცია მიმართულია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გზით, საქართველოში თანასწორობის უფლების განმტკიცებისაკენ, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის კეთილდღეობისა და ეკონომიკური დოვლათის გაზრდას“, - აღნიშნა მომხსენებელმა.
„ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია“ დაკავშირებულია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგით (2021-2027) განსაზღვრულ პრიორიტეტებთან, რამაც უნდა უზრუნველყონ ქვეყნის პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია, აგრეთვე კონცეფცია ეხმიანება ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების მე-9 პუნქტის შესრულებას.
„ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის“ პროექტი პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, რამინა ბერაძის, ანა ბუჩუკურის, ქეთევან დუმბაძის, ნინო იობაშვილის, ეკა სეფაშვილის, მიხეილ სარჯველაძის, ანა ნაცვლიშვილის, მაია ბითაძის, თეონა აქუბარდიას, ბაია კვიციანის, ხათუნა სამნიძის, გიორგი ხელაშვილის, ირაკლი ზარქუას, გიორგი ცაგარეიშვილის, ლევან იოსელიანის, ირაკლი მეზურნიშვილის, თამარ კორძაიას, ლევან მგალობლიშვილის, ირმა ზავრადაშვილის, ბექა დავითულიანის, ლევან ქარუმიძის, მიხეილ ყაველაშვილის,
ალექსანდრე დალაქიშვილის, ანა წითლიძის, ხატია წილოსანის, მაკა ბოჭორიშვილის, რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის, მარიამ ლაშხისა და ირაკლი ბერაიას საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს.