პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.
ნინო წილოსანის განცხადებით, მხარეებმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე 12-პუნქტიანი რეკომენდაციის ფარგლებში აგრარული და გენდერული თანასწორობის მიმართულებით საქართველოს ვალდებულებებთან დაკავშირებით ისაუბრეს.
„ევროკავშირის ელჩს გავაცანი ყველა ის მიღწევა და ცვლილება, რომელიც პარლამენტმა მეცხრე რეკომენდაციის ფარგლებში, გენდერული თანასწორობის მიმართულებით 2022 წელს განახორციელა და ასევე ის ღონისძიებები, რომლებიც მიმდინარე წელს იგეგმება. ასევე შევთანხმდით, რომ პერიოდულად მივაწვდი ინფორმაციას გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით განხორციელებულ ცვლილებებზე.
საუბრის მთავარი მიმართულება აგრარული სექტორი იყო. ჩვენ ევროკავშირიდან მნიშვნელოვანი დახმარების მიმღები ქვეყანა ვართ, თუმცა ევროკავშირში კანდიდატის სტატუსი თუ სხვა სამომავლო გაწევრიანების პერსპექტივა უფრო მეტ საშუალებას მოგვცემს, რომ ევროკავშირის თანხებით ვისარგებლოთ და ჩვენი აგრარული სექტორი გავაძლიეროთ და, რა თქმა უნდა, ამით გავაძლიეროთ ფერმერები. ბუნებრივია, მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება აგრარული მიმართულებით საქართველოსთვის ახალი დაფინანსების საშუალებების გამოძებნასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.