"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს და აპირებს, "ამომრჩევლების ხმები ფეხქვეშ გათელოს" და ისინი პოლიტიკური ნიშნის მიხედვით განსაჯონ.
ამის შესახებ ნინო წილოსანმა "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა:
"ამ ქვეყანაში, 2012 წლიდან მოყოლებული, ადამიანები თავისი პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით არ განისჯებიან, თუმცა, ამის საპირწონედ, თავად არიან ამ ყველაფერზე წამსვლელები. გუშინ მქონდა ამერიკაში ჩვენს მხარდამჭერებთან საუბარი და საოცარი ზეწოლა, ბულინგი და დაშინებები მიდის. აგროვებენ სიებს, ვინ იყვნენ "ქართული ოცნების " მხარდამჭერები, აშავებენ საჯაროდ, დასდევენ მათ შვილებს, აპირებენ, რომ საჩივრები შეიტანონ ამერიკის ხელისუფლებაში და საოცარი მექანიზმები აქვს იმის, ადამიანები, თავისი პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით, როგორ დაჩაგრონ, გააუბედურონ და გააწამონ. რომც ვიცოდე, ადამიანს სხვა პოლიტიკური შეხედულება აქვს, ეს მისი უფლებაა და ამ უფლებას ჩვენ ვიცავთ ყველას შემთხვევაში.
პროცესი თავიდანვე ცნობილი იყო - როგორ უნდა ჩატარებული არჩევნები, ეს ელექტრონული აპარატურა, ტრენინგები, ყველაფერი ნათელი და გამჭვირვალე იყო. ან სრულიად უგონოები არიან, რომ ამ ყველაფერზე იქამდე არანაირი კითხვის ნიშნები არ ჰქონდათ, ან, რაც რეალურად სიმართლეა, მატყუარები არიან და ამომრჩევლების ხმების ფეხქვეშ გათელვას აპირებენ,"- აცხადებს ნინო წილოსანი.
ცნობისთვის, დღეს ცესკო-მ ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ: "ზეწოლის ქვეშ არიან ყველა დონის საარჩევნო კომისიების, მათ შორის საზღვარგარეთის საარჩევნო უბნის წევრები".