საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ბუქარესტში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს.
ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით მიმართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტს.
თავის გამოსვლაში მან ისაუბრა საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და არსებულ გამოწვევებზე. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან კვლავაც ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის 20% და 300 000-მდე ადამიანია დევნილი.
მან ასევე ხაზი გაუსვა რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების ნაწილი კვლავაც არ იყენებს ტერმინს- ოკუპაციას.
“წლებია მიმდინარეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში მოლაპარაკებები, მათ შორის, ეუთოს თანათავმჯდომარეობით, თუმცა სამშვიდობო პროცესის დარეგულირება მაინც ვერ ხდება“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას.
გამოსვლის დასასრულს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობას მეტი ქმედითობისკენ მოუწოდა.