ჩვენ გუშინ ვიხილეთ სამწუხარო ფაქტი, როდესაც უცხო ქვეყნის პარლამენტის წევრები და კომიტეტის თავმჯდომარეები გამოვიდნენ ანტისამთავრობო მიტინგზე, ეს იყო ყველაზე კარგი ილუსტრაცია უცხოური გავლენების, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ, აქციაზე უცხოური გავლენის ცუდი მხარე გამოჩნდა.

„ჩვენ გუშინ ვიხილეთ უცხოელი აქტორები, მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოებისგან“ ორგანიზებულ ანტისამთავრობო მიტინგზე გამოდიოდნენ სიტყვით. უცხოელი გამოდის ანტისამთავრობო მიტინგზე, რომელიც მის მიერ დაფინანსებული „ენჯეოსგან“ არის დაფინანსებული. მთელი წერ შეკრულია უცხოური გავლენის ცუდი მხარისა. წარმოგიდგენიათ, რომ საქართველოს ხელისუფლება გერმანიაში აფინანსებდეს „ენჯეოებს“, მათ მოაწყონ დემონსტრაცია, იქ ჩავიდეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი ნიკოლოზ სამხარაძე და სამთავრობო პარტიას ეძახოს კოშმარი, რაც გააკეთა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლიტვის კომიტეტის თავმჯდომარემ. წარმოგიდგენიათ, რა პასუხი ექნებოდა ნიკოლოზ სამხარაძეს, ვილნიუსში ან ბერლინში ასე რომ გამოვიდეს და იმ „ენჯეოს“ ბედი რა იქნებოდა, რომელიც ასეთ მიტინგს მოაწყობდა, იქ თავის დამფინანსებელ პოლიტიკოსებს ჩაიყვანდა. აბსურდია ეს სქემა და ამას ჩადიან ევროპელები საქართველოში. ეს არის აღმაშფოთებელი განსაკუთრებით იმ ორი ადამიანის მხრიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

14 მაისს, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე, საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები იმყოფებოდნენ და აქციის მონაწილეებს მიმართეს.