არ ვიცი, ნიკა გვარამიას რა მოტივი ამოძრავებს, თუმცა ნებისმიერი ადამიანისგან, ვინც თავს პოლიტიკოსს უწოდებს და ვისაც გაცხადებული მიზანი აქვს, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, მსგავსი სახის განცხადებები მიუღებელია, რადგან ეს დამატებით საფრთხეს უქმნის საქართველოს ინტერესებს და სუვერენიტეტს, მეორე მხრივ, შეიძლება, ხელოვნურად გაჩნდეს ახალი დაპირისპირების და დაძაბულობის საბაბი, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ასეთი განცხადებების კეთება საჭირო არ არის.
„აქედან გამომდინარე, ეჭვი მიმყარდება, რომ ეს კონკრეტულ დავალებას ან მიზანს უნდა ემსახურებოდეს, რადგან ახლა საუბარი არ არის იმაზე, რომ ხვალ, ევროკავშირში შევდივართ და ამაში ხელს აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი გვიშლის. ვფიქრობ, რომ ეს ხელოვნური მცდელობაა ურთიერთობა დაიძაბოს. სამშვიდობო პოლიტიკა გვაქვს გაცხადებული და მცდელობაა, რომ ამაში ხინჯი როგორღაც შეიტანონ და მიზანმიმართულად შელახონ ევროკავშირის იმიჯიც“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.









