საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების სამინისტროს ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში დირექტორის მოადგილეს, მარკ კლეიტონს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
ნიკოლოზ სამხარაძემ ყურადღება რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის შედეგად შექმნილ ვითარებასა და გამოწვევებზე, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონული უსაფრთხოების გარემო იყო. მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენაზე ევროპის უსაფრთხოებაზე, სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებასა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე იმსჯელეს.
შეხვედრისას ასევე იმსჯელეს შუა დერეფნის პროექტზე და მის სტრატეგიულ მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
შეხვედრაში მონაწილეობდა დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გარეტ უორდი.







