ვიზიტის ფარგლებში საუბარი იქნება როგორც ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე ევროკავშირის მიმართულებით, იმ მიზეზებზე, რის გამო ეს ურთიერთობები დღეს გაყინულია და საქართველოს ბრალი არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პირდაპირი და პირისპირ შეხვედრები მნიშვნელოვანია, ყოველთვის ნაყოფიერია.
„დღეს ბრიუსელში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი იწყება, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. ჩვენ ვხვდებით ბელგიის პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარეს, ასევე იმ პარლამენტარებს. რომლებიც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკით არიან დაკავებულები. ეს კარგი შესაძლებლობა იქნება, რომ ჩვენი ხმა მივიტანოთ ბელგიის პარლამენტარებამდე, რადგან უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება საქართველოს ხელისუფლების, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების და საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ.
პირდაპირი და პირისპირ შეხვედრები მნიშვნელოვანია, ყოველთვის ნაყოფიერია. ამის ნათელი დადასტურება იყო ჩვენი ვიზიტი, როდესაც აქ საგარეო და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეები ვიყავით და შემიძლია ვთქვა, რომ ეს ვიზიტი ამის გაგრძელებაა უფრო მაღალ დონეზე. მნიშვნელოვანია, რომ როგორც ბელგიაში, ასევე ლუქსემბურგში, პარლამენტის თავმჯდომარეს შესაძლებლობა ექნება, რომ პირისპირ გაესაუბროს თავის კოლეგებს. რა თქმა უნდა, საუბარი იქნება როგორც ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე ევროკავშირის მიმართულებით – იმ მიზეზებზე, რის გამო ეს ურთიერთობები დღეს გაყინულია და საქართველოს ბრალი არ არის. ჩვენი კოლეგებისგან უახლოეს ინფორმაციას მივიღებთ, თუ რა ხდება ამ მხრივ და რა აზრზე არიან წევრი სახელმწიფოები. ვიცით, რომ ევროკომისიის სხვადასხვა ინსტიტუტებში სხვადასხვა აზრია საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენაზე. ამიტომ, ამ მხრივ, საინტერესო იქნება მათი აზრის მოსმენა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.











