"როდესაც შენ ცდილობ, რომ გააჩუმო ტელევიზია იმიტომ, რომ არ მოგწონს, რას ამბობს ის, რა თქმა უნდა, აქ არანაირ დემოკრატიული სტანდარტის დაცვაზე საუბარი არ არის - ეს არის პირდაპირი შეტევა მედიაზე, პირდაპირი შეტევა დემოკრატიაზე, რადგან თავისუფალი მედია არის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი," - ეს განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ "რუსთავი 2-ის" გადაცემა "ღამის კურიერში" გააკეთა.
"რაც შეეხება ბრიტანეთის სანქციებს - იქ საერთოდ გასაოცარი წინადადებები ერია, თუ რატომ დაასანქცირეს "იმედი" და POSTV. თურმე, "იმედი" და POSTV ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინა არის კორუმპირებული სახელმწიფო და რომ ის ცდილობს, საქართველო ჩართოს საომარ მოქმედებებში და ეს ყველაფერი არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. მსგავსი აბსურდი ალბათ მსოფლიოს ისტორიას არ ახსოვს, რომ ტელევიზია დაესანქცირებინათ ამის გამო - ვგულისხმობ ცივილიზებულ მსოფლიოსა და დემოკრატიულ ქვეყნებში. ამიტომ, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთებაც ძალიან რთულია," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.










