"აშშ-ს 170-ზე მეტ ქვეყანაში აქვს საელჩო და, 2026 წლის იანვრის მონაცემებით, 70-მდე ქვეყანაში ელჩი არ ჰყავდა დანიშნული. ამიტომ, ჩვენ ამას ვიღებთ როგორც მოცემულობას და ველოდებით ახალ ელჩს," - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ "რუსთავი 2-ის" გადაცემა "ღამის კურიერში" საქართველოში აშშ-ის ელჩის დანიშვნაზე საუბრისას.
მისივე თქმით, საქართველოსა და აშშ-ის ხელისუფლებებს შორის ღირებულებითი თანხვედრა აძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენა მხოლოდ დროის საკითხია.
"ვინ შეიძლება საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობა დაიკავოს, ნამდვილად არ ვიცი, რადგან ეს აშშ-ის ადმინისტრაციის პრეროგატივაა და მათ ჯერ კანდიდატი შერჩეული არ ჰყავთ. რაც შეეხება, ზოგადად, ელჩის დანიშვნას - მინდა გითხრათ, რომ აშშ-ს 170-ზე მეტ ქვეყანაში აქვს საელჩო და, 2026 წლის იანვრის მონაცემებით, 70-მდე ქვეყანაში ელჩი არ ჰყავდა დანიშნული. ამიტომ, ჩვენ ამას ვიღებთ როგორც მოცემულობას და ველოდებით ახალ ელჩს. აქ მთავარი ელჩის დანიშვნა-არ დანიშვნა არ არის - მთავარია ის, რომ ჩვენ სამუშაო პროცესი დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ელჩი ამ პროცესს დაეხმარება, თუმცა ერთი მეორეს არ გამორიცხავს.
შეგვპირდნენ, რომ კარგ ელჩს გამოგიგზავნითო და ვნახოთ.
ჩვენ პოლიტიკური უთანხმოება ახალ ადმინისტრაციასთან არ გვაქვს. ასევე, არ გვაქვს მათთან ღირებულებითი უთანხმოება - პირიქით, ძალიან ბევრ საკითხსა და სფეროში გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა. ამიტომ, ეს თანხვედრა კიდევ უფრო მეტ იმედსა და ოპტიმიზმის საფუძველს მიჩენს იმისთვის, რომ ამ ურთიერთობების გადახედვა და აღდგენა მართლაც დროის საკითხია და არა რაიმე სხვა ფაქტორის," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.










