წელს აღინიშნა ჰელსინკის დასკვნითი აქტის 50 წლისთავი, ისტორიული შეთანხმებისა, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების გაძლიერებას, ადამიანის უფლებების დაცვას და ეკონომიკური, სამეცნიერო და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის წახალისებას, მეტოქე გეოპოლიტიკურ ბლოკებს შორის მტრობის ნაცვლად, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 23-ე საშემოდგომო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ნახევარი საუკუნის შემდეგ, გაურკვევლობის, გაჭიანურებული კონფლიქტისა და მზარდი მულტიპოლარობის ეპოქაში, კვლავ ვხედავთ შემაშფოთებელი ისტორიული ტენდენციის ნათელ გამეორებას – კეთილგანწყობილი მიზნებისთვის ჩაფიქრებული ინიციატივები დაუცველია იდეოლოგიური და მორალური დამახინჯების მიმართ.

„ათწლეულების განმავლობაში, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო აგრესია და ტერიტორიების ოკუპაცია, საქართველო გახდა რუსული ოკუპაციის, უცხოური ჩარევისა და საგარეო დახმარების ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ მიმართვის პირველი მსხვერპლი. მიუხედავად ამისა, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები წარსულის შეცდომების გათვალისწინებაზე ჯერაც უარს ამბობენ.

მოდით, გამოვყოთ რამდენიმე ტენდენცია, რომელიც ჭარბობს ახლანდელ პოლიტიკურ მეინსტრიმში, რომელიც თვალთმაქცობის და შესაძლოა, სრული სითავხედის ზღვარზეა:

პირველ რიგში და უპირველეს ყოვლისა, ეს არის ხალხის ნების სრული უგულვებელყოფა ირონიულად, დემოკრატიის სახელით – ტერმინით, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით „ხალხის მმართველობას“ ნიშნავს. ზოგიერთი პოლიტიკური ძალა მუდმივად უგულებელყოფს არა მხოლოდ პოლიტიკურ ნებას, არამედ სხვადასხვა ერის, განსაკუთრებით მცირე ან საშუალო ერების კულტურულ და რელიგიურ მრავალფეროვნებასაც.

ერთი მხრივ, ისინი უარს ამბობენ ლეგიტიმური არჩევნების შედეგების აღიარებაზე და პატივისცემაზე, თუ შედეგები არ მოსწონთ. მეორე მხრივ, ცდილობენ, დააწესონ კონკრეტული სოციალური ან იდეოლოგიური ნორმები, რომლებიც იმავე ერების კულტურულ ღირებულებებს პირდაპირ ეწინააღმდეგება.

კიდევ ერთი შეშფოთება ეხება რადიკალიზაციას და დიალოგზე სრულ უარს, განსაკუთრებით მათთან, ვინც პოლიტიკური სპექტრის საპირისპირო მხარეს იმყოფება. ეს დამოკიდებულება გამომდინარეობს ზედმეტად გამარტივებული „კარგისა და ცუდის“ დიქოტომიიდან, რომელშიც ზოგიერთი პარტია ცალმხრივად იჩემებს პირველობას, ამავდროულად მიმართავს იძულებით ზომებს, შიდა ჩარევას და აგრესიულ რიტორიკას. ასეთი ქცევა აშკარად ეწინააღმდეგება მათ მიერ გამოცხადებულ ერთგულებას თანასწორობის, პარტნიორობისა და ურთიერთპატივისცემის მიმართ.

ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ როდესაც ისინი ვერ ახერხებენ ლეგიტიმური საშუალებებით დომინირებას, ძალადობას მიმართავენ. ფინანსურ, მორალურ და რიტორიკულ მხარდაჭერას უწევენ რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც თითქოსდა დემოკრატიისთვის ბრძოლისას აშკარა არადემოკრატიულ მეთოდებს იყენებენ. ამ ძალების ქმედებები მიმართულია არა მხოლოდ იმ პოლიტიკური პარტიების ან ცალკეული ოპონენტების წინააღმდეგ, რომლებითაც ისინი უკმაყოფილო არიან, არამედ თავად სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და დაცულობის წინააღმდეგ.

ბოლოდროინდელი მაგალითი – ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არჩევნებზე დაკვირვებაა. თუმცა, როგორც ჩემმა ზოგიერთმა კოლეგამ დღეს კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, არჩევნებზე დაკვირვება ზედმეტად პოლიტიზებული გახდა. პოლიტიკური ჯგუფები უპირატესობას ანიჭებენ თავიანთ იდეოლოგიურ თანამოაზრეებს და შეფასებებს აკეთებენ იდეოლოგიური და პარტიული მეგობრობის საფუძველზე და არა რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით. ეს თავის მხრივ, ძირს უთხრის ჩვენი ორგანიზაციის მიერ ათწლეულების განმავლობაში შესრულებული სამუშაოს სანდოობას.

თუმცა, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და კვლავ ვიმედოვნებ, რომ საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს და ვიხილავთ ხალხის სუვერენული ნების პატივისცემას, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დაინტერესებული მხარეების მიერ“,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.