სამარცხვინო და საზარელი ფაქტია, რომ პაატა ბურჭულაძე, რომელიც თვითონ აცხადებდა, რომ არის რუსული კულტურის მატარებელი ადამიანი და მთელ მსოფლიოში წარმოაჩენდა თავს რუს საოპერო მომღერლად, რუს ბანად, დღეს 9 აპრილის მემორიალთან არ უშვებს ირაკლი ქადაგიშვილს, რომელსაც 1989 წელს მიჰყავდა 9 აპრილის აქცია, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც 9 აპრილს იდგნენ აქციაზე, იდგნენ არა იმისთვის, რომ საქართველოში კოლონიური აზროვნება შენარჩუნებულიყო, არამედ საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო და ქართველებს თავად ემართათ საკუთარი ქვეყანა.

„ერთი მუჭა, გზას აცდენილ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ პაატა ბურჭულაძესთან დგომით საქართველოს რამეს შესძენენ, მინდა, ვუთხრა, რომ ის ადამიანები, რომლებიც 9 აპრილს იდგნენ აქციაზე, იდგნენ არა იმისთვის, რომ საქართველოში კოლონიური აზროვნება შენარჩუნებულიყო, არამედ საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო, სუვერენული ქვეყანა ისე, რომ ქართველებს თვითონ გვემართა ჩვენი ქვეყანა. ადამიანი, რომელიც თავს აცხადებს რუსული კულტურის ნაწილად და რუს მომღერლად, დღეს მასთან დგომა ნამდვილად სამარცხვინოა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.