აუდიტორიამ უნდა იცოდეს, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება მოხდა სახელმწიფოთა უმცირესობის მიერ და ეუთოს მონაწილე ბევრმა სახელმწიფომ არ დაუჭირა მხარი ამ ინიციატივას, მათ შორის ესპანეთმა, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე.
როგორც სამხარაძემ აღნიშნა, დოკუმენტი, რომელშიც ბრალდებები მტკიცებულებების გარეშეა წარმოდგენილი, მხოლოდ ერთმა ექსპერტმა შეადგინა, რომელიც საქართველოში მხოლოდ 72 საათით იმყოფებოდა.
„დოკუმენტში წერია მხოლოდ ბრალდებებზე, თუმცა, მტკიცებულებები ვერ მოიძებნა. დოკუმენტი შეადგინა ერთმა ექსპერტმა, რომელიც საქართველოს მხოლოდ 72 საათით სტუმრობდა. მოგიწოდებთ, რომ წაშალოთ სიტყვა „საქართველო“ ამ აბზაციდან. რაც შეეხება 22-ე პუნქტს, აქაც მაშფოთებს, რომ ამ პუნქტში არ არის ნახსენები სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმები, რაც არაერთხელ აღინიშნა სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის მიერ და საქართველოში თქვენი ბოლო ვიზიტისას. რაც შეეხება გამოძიების შესახებ მოწოდებას, გამოძიება უკვე დაწყებულია და რამდენიმე დამნაშავე პასუხისგებაში უკვე მიეცა. ობიექტურობისთვის ეს პუნქტები უნდა აისახოს ამ რეზოლუციაში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
სესიაზე ერთ-ერთი გამომსვლელის მოთხოვნას, რომ გამკაცრდეს რეზოლუციის ტექსტი, რომლის კენჭისყრაც მიმდინარე სესიის ფარგლებში იგეგმება და რომელიც კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ არის ინიციირებული, სამხარაძემ ასე უპასუხა:
„ჩვენ ძალიან სახიფათო პრეცედენტს ვხედავთ ამ ასამბლეაზე, როცა ბრალდებებს ფაქტებად გარდაქმნიან. ეს ძირს გამოუთხრის ამ ორგანიზაციის სანდოობას, რაც უკვე არც ისე კარგ მდგომარეობაშია, ზოგიერთი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ფონზე. კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ, არ მოხდეს მანიპულაცია და ერთი მისიის მიგნებები მეორეში არ ავურიოთ.“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.









