დუბლინში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პია კაუმას შეხვდა, რომელიც ამავდროულად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიას უხელმძღვანელებს საქართველოში.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ზოგადად, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ოკუპაციის გამოწვევები. საუბარი შეეხო 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს და პარტიების მზადებას ამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენისათვის, წინასაარჩევნო გარემოს, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას, აგრეთვე არსებულ სამართლებრივ ჩარჩოს და მედია გარემოს.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია თავისუფალი არჩევნების ჩატარებით და მოუწოდებს ყველა შესაბამის საერთაშორისო აქტორს, დააკვირდნენ არჩევნებს და ობიექტურად და მიუკერძოებლად შეაფასონ საარჩევნო პროცესი.
ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებასა და მოლოდინზე, აგრეთვე, საქართველოს პროგრესზე სხვადასხვა მიმართულებით.