სხვა ქვეყანა, ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა რომ ამ კითხვარის შევსებაში დაგვხმარებოდა, ასე არ იყო, თუმცა, ასე მოხდა უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში. ჩვენ გადავახედეთ შემდეგ ჩვენს მეგობრებს ჩვენ მიერ შევსებული კითხვარი და მათ გვითხრეს, რომ ასეთი სამუშაო შეიძლება ევროკავშირის წევრ ქვეყანასაც კი ვერ გაეწია, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ კანდიდატის სტატუსზე საუბრისას „იმედის კვირასთან“ განაცხადა.
„ჩვენ ზედმიწევნით ვერავინ აგვიხსნა, რატომ იყო ეს დიფერენცირება ერთიმხრივ საქართველოს და მეორეს მხრივ უკრაინასა და მოლდოვას შორის. თუმცა, ჩვენ ვთქვით, რომ ეს მისაღებია და ისტორიას ვეღარ შევცვლით, ამიტომ ჩვენ ვაპირებთ მაქსიმალურად მოკლე ვადებში ვიმუშაოთ იმ რეკომენდაციებზე, რომელიც გადმოგვეცა.
ჩვენ ეს ერთი წელი მუდმივად გვიწევდა არამხოლოდ უცხოელი პარტნიორების დარწმუნება, არამედ ქვეყნის შიგნით მუდმივ დეზინფორმაციასთან, საბოტაჟთან და ქვეყნის ღალატთან ბრძოლა, რაზეც დიდი ხანია ღიად ვსაუბრობთ და მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ დაიწყეს ამაზე საუბარი ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა. მე ვიცი, რომ ისინი [ხათუნა სამნიძე და ხატია დეკანოიძე] ამ განცხადებების გამო ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ არიან, თუმცა, კარგი იქნება თუ ისინი ბოლომდე იტყვიან სიმართლეს და ასევე იტყვიან იმას, ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც უცხოელ პარტნიორებს ხვდებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ საქართველოსთვის სტატუსი არ მიეცათ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ ღალატობს ქვეყანას“, - აღნიშნა სამხარაძემ.