ჩინეთთან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა საინტერესოა ორი მიმართულებით – პირველი, ეს არის პოლიტიკური მიმართულება და ეს არის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.
„ჩინეთი არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ხუთი წევრიდან ერთ-ერთი და, შესაბამისად, ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით მისი პოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. აქ ჩინეთი ბუნებრივად არის ჩვენი მოკავშირე, რადგან ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მისთვისაც არის ნომერ პირველი პრიორიტეტი, ტაივანის საკითხიდან გამომდინარე. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ჩვენი და ჩინეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენ, ორივეს, გვინდა, გაეროს ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების ურღვეობის ფუძემდებლური პრინციპი იყოს შენარჩუნებული“, – განაცხადა სამხარაძემ.